ძიუდო

22:57 | 12.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

პარიზული ვერცხლ-ბრინჯაოები

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პარიზის გრან სლემი 4 მედლით დაასრულა. ამირან პაპინაშვილისა (60 კგ) და ვაჟა მარგველაშვილის (66 კგ) მიერ გუშინ მოპოვებულ ბრინჯაოებს დღეს ზებედა რეხვიაშვილმა (81 კგ) ვერცხლი მიამატა, ხოლო ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ) - ბრინჯაო.

ზებედა რეხვიაშვილს კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურამდე ჰოლანდიელი ფრანკ დე ვიტის ძლევა დააკლდა. ამ უკანასკნელმა ფინალში "ოქროს დროში” შესრულებული ვაზარით იმარჯვა.

ფინალის გზაზე რეხვიაშვილმა ხუთი შეხვედრა მოიგო. სასტარტო ბრძოლაში, საუდის არაბეთის ნაკრების წევრ ალი მრაშის ორწუთნახევარში, შიდოების ლიმიტის ამოწურვით აჯობა, თუმცა მესამე გაფრთხილებამდე ერთი ვაზარიც შეუსრულა. მეორე წრეში პარიზის გრან სლემის ყველაზე მაღალრეიტინგიან მონაწილეს – ბულგარელ ივაილო ივანოვს დაუპირისპირდა და ტურნირი პირველი ნომრის გარეშე დატოვა. უქულო ძირითადი დროის შემდეგ, დამატებითში უფრო აქტიური რეხვიაშვილი იყო და მერვედფინალის საგზური მე-6 წუთზე, მეტოქის გაფრთხილებით მოიპოვა.

შიდოთივე გასცდა უნგრელ ატილა უნგვარისაც, ოღონდ მასთან 3 წუთი იკმარა. უილეთო შეხვედრაში უნგვარის გაფრთხილებების ლიმიტი ამოეწურა.

მეოთხედფინალში ზებედა რეხვიაშვილმა ფრანგ ბაპტისტ პიერის მეორე წუთის დასაწყისში ძალიან ეფექტური ილეთით - ხელის მტკივნეულით აჯობა. ნახევარფინალში კი ტურნირის მასპინძლები კიდევ ერთხელ დაამწუხრა, პაპე დუდუ ნდიაის ვაზარით ძლევით.

ვარლამ ლიპარტელიანმა ახალ წონაში – 100 კილოგრამში პირველად იჭიდავა და დებიუტის გათვალისწინებით, მშვენიერი ხარისხი და შედეგი აჩვენა. ტურნირში მეორე წრიდან ჩაება, საუდის არაბეთის ნაკრების წევრ სულტან მანიასთან შეხვედრით და მეტოქე წუთსა და 17 წამში დასცა ბეჭებზე.

მერვედფინალში გაცილებით ძლიერი მოწინააღმდეგე ელოდა, რუსეთის ნაკრების წევრ ადლან ბისულტანოვის სახით, მაგრამ მასაც დამაჯერებლად აჯობა, მესამე წუთზე შესრულებული ვაზარით.

ძირითად ბადეში გამოსვლა ლიპარტელიანმა მეოთხედფინალში დაასრულა, მომავალ ჩემპიონთან, იაპონელ კენტარო იიდასთან მარცხით - მეორე წუთზე ბეჭებზე დავარდა და რეპეშაჟის ნახევარფინალში გადაერთო, სადაც გერმანელი კარლ-რიჩარდ ფრეი ულამაზესი ბრუნით დაანარცხა ბეჭებზე. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი ჰოლანდიელ მიხაელ კორელს ვაზარით სძლია, მაგრამ ამ შეხვედრაში თითი იტკინა და ტატამიდან გამოსვლისთანავე დასახმარებლად ნაკრების მთავარ ექიმ ზურაბ კახაბრიშვილს უხმო.

ვარლამ ლიპარტელიანი პარიზის უპრესტიჟულესი გრან სლემის კვარცხლბეკზე ზედიზედ მეხუთედ ავიდა. 2013 და 2015 წლებში ჩემპიონი გახდა, 2014-ში მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო 2016-ში – მესამე. ოთხივე შემთხვევაში, მედალი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოიპოვა.

ბექა ღვინიაშვილს (90 კგ) და გურამ თუშიშვილს (+100 კგ) საპრიზო სამეულამდე თითო ნაბიჯი დააკლდათ.

ღვინიაშვილმა რიო 2016-ზე 100 კილოგრამში იჭიდავა. ახალი ოლიმპიური ციკლისთვის კი ისევ დაიკლო და ფრანგულ ტატამზე მშობლიურ წონით კატეგორიას – 90 კილოგრამს დაუბრუნდა. შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაერთო, სენეგალელ ტაბანე პაიესთან შეხვედრით და ჩვეული, ეფექტური სუფთა გდებისთვის ერთი წუთი იკმარა.

იაპონელ კენტა ნაგასავას უილეთოდ გასცდა. "ოქროს დროში” ღვინიაშვილი მეტოქეზე მეტად დაიღალა და მსაჯისგან გაფრთხილებაც მიიღო, მაგრამ იქამდე შიდოებში ორქულიანი უპირატესობით იგებდა (2:0) და შეხვედრა გაგრძელდა. 21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ბოლო ძალები მოიკრიბა, გააქტიურდა და ილეთის წამოწყების რამდენიმე მცდელობა მსაჯმაც დაუფასა – ნაგასავა მესამედ გააფრთხილა.

მეოთხედფინალში ბექა ღვინიაშვილი ტატამზე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, სამხრეთკორეელი დონგან გვაკის პირისპირ დადგა და ტიტულოვან მეტოქესთან ვეღარას გახდა. გვაკმა ვაზარით ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ბექა კი რეპეშაჟის ნახევარფინალში გადაერთო და ტაჯიკ კომრონსოხ უსტოპირიონს ვაზარით სძლია.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი, სლოვენიელ მიხაელ ზგანკთან, უილეთო ძირითადი დროის შემდეგ, მეორე დამატებულ წუთზე გაფრთხილებით დამარცხდა. ამ შემთხვევაშიც, ქართველი ძიუდოისტი მოწინააღმდეგესთან შედარებით ადვილად დაიქანცა.

გურამ თუშიშვილმა მძიმე წონაში სადებიუტო გრან სლემი შთამბეჭდავი გამარჯვებით გახსნა – ტრიბუნების მხარდაჭერით შეგულიანებულ ფრანგ ნაბილ ზალაგს 2 წუთსა და 18 წამში ხუთი ერთმანეთზე უკეთესი გდება შეუსრულა. პირველი ოთხი მსაჯმა ვაზარით შეაფასა, მეხუთე ილეთისას კი თუშიშვილმა მასპინძელთა ჯილა მოგვერდით ბეჭებზე დაანარცხა.

მეორე წრეში ქართველი მძიმეწონოსანი ტურნირზე მეორე ნომრად განთესილ ჰოლანდიელ როი მეიერს დაეჭიდა და ორწუთნახევარში შებოჭა.

ოქრო-ვერცხლისკენ მიმავალი გზა თუშიშვილს მეოთხედფინალში ჩაეკეტა, მომავალ ჩემპიონთან - იაპონელ ტაკეში ოჯიტანისთან მარცხით. ამ უკანასკნელმა დამატებით დროში შესრულებული იპონით მოიგო.

"ბრინჯაოს ნახევარფინალში” გურამ თუშიშვილი რუს ანდრეი ვოლკოვთან ჯერ ვაზარით დაწინაურდა, ხოლო შემდეგ თავისზე მძიმე მეტოქე შებოჭვაზეც დაიჭირა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი მონღოლ დუურენბაიარ ულზიიბაიართან თავად მოჰყვა შებოჭვაზე და მე-5 ადგილს დასჯერდა.

ფრანგულ ტატამზე კიდევ ოთხი ქართველი გავიდა. თამაზ კირაკოზაშვილი (81 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი (90 კგ), ლაშა ტაველური (100 კგ) და ლევან მატიაშვილი (+100 კგ) საპრიზო სამეულისთვის ბრძოლას დილის პროგრამაში გამოეთიშნენ.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თამაზ კირაკოზაშვილი საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო, ჩინელ რიგაქი ნაისთან შეხვედრით და მეტოქე მესამე წუთზე შებოჭა. იქამდე ერთხელ ვაზარიზეც დააგდო. მერვედფინალში კირაკოზაშვილი ბრაზილიელ ედუარდო სანტოსთან დამატებით დროში ბეჭებზე დავარდა და ტურნირზე გამოსვლაც ამით დაასრულა.

ავთანდილ ჭრიკიშვილმა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების შემდეგ, ახალ წონით კატეგორიაში – 90 კილოგრამში გადასვლა გადაწყვიტა. სწორედ ამ წონაში ჩაეწერა პარიზის გრან სლემის განაცხადში და პირველივე მეტოქედ უმთავრესი ფავორიტი – ფრანგი აქსელ კლერჟე ერგო. შეხვედრის ბედი ვაზარიმ გადაწყვიტა, რომელიც კლერჟემ კონტრილეთით შეასრულა, საფინალო გონგამდე ნახევარი წუთით ადრე. არადა იქამდე ჭრიკიშვილი სრულ უპირატესობას ფლობდა - მოწინააღმდეგეს უილეთოდ, ორი შიდოთი უგებდა და საქმე მეტოქის მოხსნისკენ მიჰყავდა.

ლაშა ტაველური სასტარტო შეხვედრაში ძლიერ მეტოქეს – ბრაზილიელ ლუჩიანო კორეას დაეჭიდა და გრან სლემზე გამოსვლა გამარჯვებით გახსნა. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა მომგებიანი ვაზარი "ოქროს დროში”, მე-6 წუთის მიწურულს შეასრულა. მერვედფინალში ტაველური ხორვატ ზლატკო კუმრიჩთან ვეღარას გახდა. ჯერ ორი ვაზარი გაუშვა, მერე კი ბეჭებზე დავარდა.

ლევან მატიაშვილს (+100 კგ) წილისყრისას არ გაუმართლა, პირველსავე წრეში უმთავრეს ფავორიტს – იაპონელ რიუ შიჩინოეს დაუპირისპირდა. ძირითად დროში ძიუდოისტებმა ორ-ორი შიდო მიიღეს. "ოქროს დროში” მეტი ენერგია შიჩინოეს შემორჩა და... მეხუთე წუთის მიწურულს მსაჯმა ლევან მატიაშვილი მესამედ გააფრთხილა, რაც ავტომატურად მარცხს ნიშნავდა.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პარიზის გრან სლემზე მამაკაცების ტურნირში, არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში 53 ქვეყნის ნაკრებს შორის მე-5 ადგილი დაიკავა.

ქართველი ძიუდოისტები პარიზში დარჩებიან, ერთობლივ სანაკრებო წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად. საფრანგეთიდან კი გერმანიაში გაემგზავრებიან და 24-26 თებერვალს, დიუსელდორფის გრან პრიზე იჭიდავებენ.

ძიუდო

გრან სლემი

პარიზი

11-12 თებერვალი

მამაკაცები

60 კგ

1 ნაოჰისა ტაკატო (იაპონია)

2 შარაფუდინ ლუტფილაევი (უზბეკეთი)

3 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)

3 ორხან საფაროვი (აზერბაიჯანი)

66 კგ

1 ჰიფუმი აბე (იაპონია)

2 ანზაურ არდანოვი (რუსეთი)

3 ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო)

3 ნიჯათ შიხალიზადა (აზერბაიჯანი)

73 კგ

1 სოიჩი ჰაშიმოტო (იაპონია)

2 ჩანგრიმ ანი (სამხრეთ კორეა)

3 ტოჰარ ბუტბული (ისრაელი)

3 ჰიდაიატ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი)

81 კგ

1 ფრანკ დე ვიტი (ჰოლანდია)

2 ზებედა რეხვიაშვილი (საქართველო)

3 პაპე დუდუ ნდიაი (საფრანგეთი)

3 ბაპტისტ პიერი (საფრანგეთი)

90 კგ

1 ქსუნჟაო ჩენგი (ჩინეთი)

2 აქსელ კლერჟე (საფრანგეთი)

3 დონგან გვაკი (სამხრეთ კორეა)

3 მიხაელ ზგანკი (სლოვენია)

5 ბექა ღვინიაშვილი (საქართველო)

100 კგ

1 კენტარო იიდა (იაპონია)

2 სირილ მარე (საფრანგეთი)

3 ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო)

3 ხორხე ფონსეკა (პორტუგალია)

+100 კგ

1 ტაკეში ოჯიტანი (იაპონია)

2 რიუ შიჩინოე (იაპონია)

3 რაფაელ სილვა (ბრაზილია)

3 დუურენბაიარ ულზიიბაიარი (მონღოლეთი)

5 გურამ თუშიშვილი (საქართველო)

გუნდური ჩათვლა. მამაკაცები

ო ვ ბ V VII

1 იაპონია 5 1 0 0 0

2 ჰოლანდია 1 0 0 1 0

3 ჩინეთი 1 0 0 0 1

4 საფრანგეთი 0 2 2 0 2

5 საქართველო 0 1 3 2 0

0.118237