ფეხბურთი

14:15 | 13.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: "პორტუ" VS "იუვენტუსი"

WORLDSPORT.GE განაგრძობს უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური წყვილების წარდგენას.

ამჯერად “პორტუსა” და "იუვენტუსის" შესახებ. აქვე გეტყვით, რომ აღნიშნული თამაშის ირგვლივ უფრო დაწვრილებით 22 თებერვალს, ანუ, თამაშის დღეს ვისაუბრებთ.

მანამდე კი, “პორტუ” – “იუვენტუსი” – ურთიერშეხვდერები, სტატისტიკა, საინტერესო ფაქტები, დეტალები, მწვრთნელთა და ფეხბურთელთა გზაჯვარედინები...

“იუვენტუსი” ჯგუფიდან პირველი ადგილით და დაუმარცხებლად გავიდა, ხოლო “პორტუმ” პლეი-ოფის საგზური ბოლო ტურში მოიპოვა.

ურთიერთშეხვედრები

“იუვენტუსი” და “პორტუ” აქამდე სამჯერ შეხვედრილან ერთმანეთს და იტალიელები დაუმარცხებლად თამაშობენ. პირველად ისინი 1984 წელს, ბაზელში, თასების თასის ფინალში შეხვდნენ და მაშინ, “იუვემ” 2:1 მოიგო. შემდგომ კი, იყო 2001-2002 წლების სეზონის პირველი ჯგუფური ეტაპი – პორტუგალიაში გოლი არ გასულა, ხოლო ტურინში მასპინძლებმა 3:1 მოიგეს.

2001 წლის 10 ოქტომბერს, პორტუში გუნდებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს:

“პორტუ”: ოვჩინიკოვი, კარვალიო, ანდრადე, იბარა, სილვა, პარედესი (სოდერსტონი 71), კოშტინია, დეკუ, კაპუჩო (ალენიჩევი 77), კლეიტონი, პენა (პოშტიგა 66)

“იუვენტუსი”: ბუფონი, ტურამი, მონტერო, ტუდორი, პესოტო (ძენონი 65), ძამბროტა, ბირინდელი (პარამატი 12), ტაკინარდი, დავიდსი, დელ პიერო, სალასი (ო’ნილი 84)

მარჩელო ლიპის გუნდმა საკუთარ მოედანზე 3:1 გაიმარჯვა. თუმცა, პირველი გოლი ოკტავიო მაჩადოს შეგირდებმა გაიტანეს და კერძოდ, კლეიტონმა. იტალიელებმა სიტუაცია ალესანდრო დელ პიეროს, პაოლო მონტეროსა და დავიდ ტრეზეგეს გოლებით გამოასწორეს.

1984 წელს ჯოვანი ტრაპატონის “იუვემ” ლუზიტანელებს თასების თასის ფინალში აჯობა. ანგარიში ბენიამინო ვინგოლამ გახსნა, შემდეგ ანტონიო სოუზამ გაათანაბრა, თუმცა პირველი ტაიმის ბოლოს ზბიგნევ ბონიეკმა გამარჯვება “ბებერ ქალბატონს” მოუტანა.

1984 წლის, 16 მაისს, ბაზელში გუნდებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს:

“იუვენტუსი”: ტაკონი, შირეა, ჯენტილე, კაბრინი, ბრიო, ვინგოლა (კარიკოლა 89), ტარდელი, პლატინი, ბონინი, როსი, ბონიეკი

“პორტუ”: ბეტო, პერეირა, პინტო, ეურიკო, ლუისი (კოშტა 82), ვერმელინიო, პაჩეკო, მაგალაეში (უოლში 64), ფრასკო, სოუზა, გომეში

ფაქტები, სტატისტიკა

“პორტუ”

“პორტუმ” ბოლო სამ სეზონში მერვედფინალში გასვლა მესამედ მოახერხა. ორი წლის წინ, “დრაკონებმა” “ბაზელს” (1:1, 4:0) აჯობეს, მაგრამ მეოთხედფინალში “ბაიერნთან” ორი მატჩის ჯამში 4:7 წააგეს.

“პორტუმ” საკუთარ მოედანზე მიმდინარე სეზონში 7 ქულა მოიპოვა. დაამარცხა რა, “ბრიუგე” და “ლესტერი”, ხოლო “კოპენჰაგენთან” ფრეს დასჯერდა.

“პორტუს” ექვსი თამაშია შინ იტალიურ გუნდებთან არ წაუგია – 3 მოგება, 3 ფრე.

მთლიანობაში კი, აპენინელებთან 28 თამაშიდან “პორტუმ” 8 მოიგო, თერთმეტჯერ დამარცხდა და ცხრაჯერ ფრე ითამაშა.

ნუნუ ესპირიტუ სანტუს გუნდმა წელს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მას შემდგომ მოიპოვა, რაც პლეი-ოფში იტალიურ “რომას” აჯობა. “დრაგაუზე” მატჩი 1:1 დასრულდა, ხოლო რომში სტუმრებმა მოიგეს 3:0.

“იუვენტუსი”

“იუვენტუსმა” ჯგუფურ ეტაპზე სამივე საგარეო შეხვედრა მოიგო. მეორე ტურში კი, ლიგაზე პირადი რეკორდი დაამყარა გასვლით მატჩებში გამარჯვებით – ზაგრების “დინამოსთან” 4:0.

“იუვენტუსი” მერვედფინალური ბარიერის დაძლევას მეათედ ეცდება. შარშან, ტურინელებმა აღნიშნულ ეტაპზე მიუნხენის “ბაიერნთან” წააგო დამატებით დროში (2:2, 2:4 დ.დ).

ბოლოს “იუვენტუსი” პორტუგალიურ გუნდს 2013-2014 წლების სეზონში შეხვდა. მაშინ, ევროპა ლიგის ნახევარფინალში “იუვე” ლისაბონის “ბენფიკასთან” წააგო (1:2, 0:0).

მთლიანობაში კი, “იუვენტუსის” სტატისტიკური მონაცემები პორტუგალიურ გუნდებთან ასეთია: 5 მოგება, 2 ფრე, 4 წაგება (სტუმრად: 1 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება).

გზაჯვარედინი: მწვრთნელები და ფეხბურთელები

ალექს სანდრო “პორტუში” თამაშობდა 2011-2015 წლებში და ორჯერ გახდა პორტუგალიის ჩემპიონი.

დანი ალვეშს ესპანეთში პირველი გოლი იკერ კასილიასის კარში აქვს გატანილი – 2003 წლის 9 ნოემბერს.

2009-2010 წლების სეზონში მირალემ პიანიჩმა იკერ კასილიასს გაუტანა გოლი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში და შემდეგ ეტაპზე “ლიონი” გავიდა.

კასილიასისთვის ორი გოლი აქვს გატანილი მარიო მანჯუკიჩსაც – ერთი ესპანეთის სუპერთასზე და ერთიც ლა ლიგაში, როდესაც “ატლეტიკოს” ღირსებას იცავდა.

გარდა ამისა, ხორვატმა ნუნუ ესპირიტუს გაწვრთნილ “ვალენსიას” გაუტანა გოლი 2014 წლის 4 ოქტომბერს.

იკერ კასილიასმა “რეალის” შემადგენლობაში ბოლო ევროპული მატჩი სწორედ “იუვენტუსის” წინააღმდეგ ჩაატარა 2015 წელს. მაშინ, ორი მატჩის ჯამში იტალიელებმა იმარჯვეს (2:1, 1:1).

მაქსიმილიანო პერეირა გააძევეს ურუგვაისა და ბრაზილიის ნაკრებთა მატჩში 2010 წელს. ბრაზილიელთა რიგებში მაშინ დანი ალვეში თამაშობდა და გოლიც გაიტანა.

ერთად უთამაშიათ

იკერ კასილიასი, სამი ხედირა და გონსალო იგუაინი (“რეალში”).

იასინ ბრაჰიმი და მენჰდი ბენატია (“კლერმონში” 2009-2010).

იტალიაში უთამაშიათ

მიგელ ლაიუნი (“ატალანტა” 2009-2010).

ალექს ტელეში (“ინტერი” 2015-2016).

დანილო პერეირა (“პარმა” 2011-2012).

“პორტუ” – “იუვენტუსი”

22 თებერვალი, 23:45 საათი

პორტუ, “ესტადიო დრაგაუ”

0.122841