ფეხბურთი

14:15 | 11.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: "რეალი" VS "ნაპოლი"

WORLDSPORT.GE აგრძელებს უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური წყვილების შესახებ საუბარს. ამჯერად, მადრიდის “რეალისა” და “ნაპოლის” უაღრესად საინტერესო მატჩის შესახებ გვქნება საუბარი. ტრადიციულად, საინტერესო ფაქტებს, ურთიერთშეხვედრების ისტორიას, სტატისტიკას, მწვრთნელებისა და ფეხბურთელების აქამდე გადაკვეთილი გზები შესახებ მოგიყვებით. აქვე გეტყვით, რომ უფრო ვრცლად აღნიშნული მატჩის შესახებ ოდნავ მოგვიანებით დავწერთ.

მანამდე კი, “რეალი” – “ნაპოლი”

“რეალი” ნახევარფინალში F ჯგუფიდან მეორე ადგილით გავიდა და დორტმუნდის “ბორუსიას” ჩამორჩა. “ნაპოლიმ” კი, B ჯგუფში პირველობა არავის დაუთმო.

ურთიერთშეხვედრები

აქამდე ეს გუნდები ერთმანეთს 1987-1988 წლების სეზონში, ჩემპიონთა თასზე შეხვდნენ. მაშინ ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული “სამეფო გუნდი” გამოვიდა (3:1). მადრიდში მასპინძლებმა მიჩელისა და მიგელ ტენდილოს გოლებით მოიგეს, ხოლო ნეაპოლში ემილიო ბუტრაგენიომ და ჯოვანი ფრანჩინიმ გოლები გაცვალეს. “ნაპოლის” მაშინ ოტავიო ბიანკი წვრთნიდა, ხოლო კაპიტანი დიეგო მარადონა გახლდათ. ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც “რეალისა” და “ნაპოლის” გზები გადაიკვეთა.

ფაქტები, სტატისტიკა

“რეალი”

“რეალმა” ჯგუფური ეტაპი წაუგებლად განვლო და შანსი აქვს მეოთხედფინალში ზედიზედ მეშვიდედ გავიდეს. გარდა ამისა, შეუძლია გახდეს პირველი გუნდი, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე ტიტულს დაიცავს.

“დორტმუნდთან” მატჩამდე (2:2) მადრიდელებს შინ ზედიზედ 8 ევროპული მატჩი ჰქონდათ მოგებული.

ბოლო 33 თამაშიდან კი, “სანტიაგო ბერნაბეუზე” “რეალმა” 28 მოიგო. წააგო ერთადერთხელ, 2014-2015 წლების მერვედფინალში “შალკესთან” (3:4).

შარშან “რეალმა” ამავე ეტაპზე “რომა” დაამარცხა. თუმცა, მანამდე ევროსარბიელის პლეი-ოფის სტადიაზე მადრიდელებს ზედიზედ რვაჯერ წაეგოთ იტალიურ კლუბებთან.

“რეალმა” მადრიდში იტალიურ გუნდებთან აქამდე 31 თამაშიდან 22 მოიგო. 3 ფრე დაფიქსირდა და 6-ჯერ აპენინელებმა გაიმარჯვეს.

“ნაპოლი”

“ნაპოლი” მერვედფინალში მეორედ ითამაშებს, მეოთხედფინალში გასვლას კი პირველად ეცდება. 2011-2012 წლების სეზონში სამხრეთელებმა “ჩელსისთან” წააგეს დამატებით დროში (3:1, 1:4).

ჯგუფურ ეტაპზე მოპოვებული 11 ქულიდან მაურიციო სარის გუნდმა სტუმრად 7 დააგროვა. “დინამოს” და “ბენფიკას” მოუგო, ხოლო “ბეშიქთაშთან” ფრე ითამაშა.

გასული სეზონიდან მოყოლებული ევროტურნირებზე “ნაპოლიმ” შვიდი საგარეო მატჩიდან ერთადერთი წააგო (5 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება) – “ვილიარეალთან” 0:1.

ბოლოს კი, ნეაპოლელებმა ესპანეთში 2011-2012 წლების სეზონში მოიგეს. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. მეტოქე მაშინაც “ვილიარეალი” იყო (2:0). გოლები კრისტიან მაჯომ და მარეკ ჰამშიკმა გაიტანეს.

მთლიანობაში კი, “ნაპოლის” ესპანური ბალანსი ასეთია: 2 მოგება, 0 ფრე, 4 წაგება. საერთოდ კი, ბოლო ოთხი თამაშიდან ესპანელთათვის არცერთი არ მოუგიათ (2 ფრე, 2 წაგება).

გზაჯვარედინი: მწვრთნელები და ფეხბურთელები

ზინედინ ზიდანი “იუვენტუსში” ხუთი წელი თამაშობდა და ორჯერ მოიგო სკუდეტო. “ნაპოლის” წინააღმდეგ მან ექვსჯერ ითამაშა და არცერთხელ წაუგია (3 მოგება, 3 ფრე). გაუტანა ორი გოლი 1996 წელს ტურინში და 1997 წლის ნოემბერში ნეაპოლში.

იმავე ზიდანმა ევროპის 2000 წლის ჩემპიონატის ფინალში იტალიას მოუგო, მაგრამ 2006 წლის მუნდიალის გადამწყვეტ მატჩში დამარცხდა. “რეალის” აკადემიის აღზრდილია ხოსე კალეხონი, რომელსაც მთავარ გუნდში 55 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი.

რაულ ალბიოლს კი, თავის დროზე “რეალის” ღირსება 81-ჯერ დაუცავს (ერთი გოლი). “ხეტაფესა” და “ვალენსიაში” თამაშის დროს ალბიოლმა მადრიდელების წინააღმდეგ 10-ჯერ ითამაშა (4 მოგება, 1 ფრე, 5 წაგება). ლა ლიგაში სადებიუტო გოლიც მან “რეალს” გაუტანა: 2005 წლის მარტში, როდესაც “ხეტაფეს” შემადგენლობაში გამოდიოდა. 2007 წლის ოქტომბერში კი, “ვალენსიას” რიგებში “სამეფო კლუბთან” დაპირისპირებისას წითელი ბარათი მიიღო.

პეპე რეინას “რეალის” წინააღმდეგ “ბარსელონასა” და “ვილიარეალის” რიგებში შვიდჯერ უთამაშია, მაგრამ არცერთხელ მოუგია (3 ფრე, 4 წაგება). სამაგიეროდ, რეინამ “ლივერპულთან” ერთად ძლია ესპანურ გრანდს – 2008-2009 წლების სეზონის მერვედფინალში ორჯერ (1:0, 4:0).

მატეო კოვაჩიჩს “ნაპოლი” არასდროს დაუმარცხებია: 4 თამაში, 2 ფრე, 2 წაგება.

ალვარო მორატას “ნაპოლის” წინააღმდეგ “იუვენტუსით” მაისურით აქვს ნათამაშები, თუმცა გოლი არასდროს გაუტანია (3 მოგება, 1 ფრე).

ესპანეთი ნაკრებით მორატამ, სერხიო რამოსმა და ლუკას ვასკემა მარცხი განიცადეს 2016 წელს იტალიის ნაკრებთან, რომლის რიგებშიც ემანუელე ჯაკერინი და ლორენცო ინსინიე თამაშობდნენ.

სამაგიეროდ იმავე ჯაკერინის, ინსინიესა და იტალის გერმანიის ნაკრებმა მოუგო პენალტების სერიაში. ხოლო, ალემანთა რიგებში ტონი კროოსი ირჯებოდა.

პორტუგალიის ნაკრებში კი, კრიშტიანუ რონალდუსა და პეპეს არკადიუშ მილიკის პოლონეთი ჰყავთ დამარცხებული. რონალდუმ და მილიკმა პენალტების სერიაში გაიტანეს.

ლორენცო ინსინიე ალვარო მორატასა და ისკო არაკონის ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა 2013 წელს – 2:4.

ერთად უთამაშიათ

სერხიო რამოსი, დანი კარვახალი, ნაჩო მონრეალი, ლუკას ვასკესი, ისკო, ალვარო მორატა, პეპე რეინა, რაულ ალბიოლი და სოხე კალეხონი (ესპანეთის ნაკრები).

მატეო კოვაჩიჩი, ლუკა მოდრიჩი, მარკო როგი და ივან სტრინიჩი (ხორვატიის ნაკრები).

“რეალი” – “ნაპოლი”

15 თებერვალი, 23:45 საათი

მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”

0.115501