მიუნხენის “ბაიერნის” მარჯვენა მცველი ფილიპ ლამი მიმდინარე სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს. აღნიშნულ ინფორმაციას “რეკორდმაისტერის” ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
“ბევრი ფიქრის შემდეგ საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ სეზონის ბოლოს საფეხბურთო კარიერას დავასრულებ” – განაცხადა 33 წლის ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, რომ ლამი “ბაიერნის” საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია და ძირითად გუნდში 2002 წლიდან თამაშობს. მან “რეკორდმაისტერის” მაისური 501-ჯერ მოირგო და 16 გოლი გაიტანა. მან გერმანული გრანდის მაისურით ბუნდესლიგა (7-ჯერ), გერმანიის თასი (6-ჯერ), გერმანიის სუპერთასი (3-ჯერ), ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.
გერმანიის ნაკრებში კი, 2004-2014 წლებში ასპარეზობდა და 113 მატჩში 5 გოლი გაიტანა. ის 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.