ფეხბურთი

3:31 | 8.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

კოპა დელ რეი: “ბარსელონამ” იომა და ფინალში გააღწია

ესპანეთის თასის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში “ბარსელონა” შინ “ატლეტიკოს” დაუზავდა და გათამაშების ფინალში გააღწია (VIDEO).

შეხვედრა ძალიან კარგი სანახავი გამოდგა. დაძაბულობა, საგოლე მომენტები, ემოციები და საკამათო ეპიზოდები: ეს ყველაფერი მრავლად იყო ამ მატჩში.

“ატლეტიკოს” ფინალში გასვლისთვის მინიმუმ ორი გატანილი ბურთი სჭირდებოდა და გასაკვირი არაა, რომ თავიდანვე აქტიურად დაიწყეს და მასპინძელთა უკანახაზელების შეწუხება სცადეს. თუმცა, მთლიანობაში პირველი ნახევარი ძალიან თანაბარი გამოვიდა და მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა.

კატალონიელთაგან ყველაზე კარგი შანსი ლუის სუარესს შეექმნა, ხოლო მადრიდელთაგან იანიკ ფერეირას კარასკოს და ფელიპე ლუისს შეეძლოთ გატანა. ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ ტაიმი უგოლოდ უნდა დასრულებულიყო, თუმცა 43-ე წუთზე “ბლაუგრანამ” დაწინაურება მოახერხა: მესიმ რამდენიმე მეტოქე ჩამოიშორა და კარში დაარტყა, მიგელ ანხელ მოიამ ბურთი მოიგერია, თუმცა დამატებაზე ლუის სუარესი გაჩნდა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა.

მეორე ნახევრი “როხიბლანკოსთვის” არასასიამოვნოდ დაიწყო და 49-ე წუთზე დიეგო გოდინს ტრავმის გამო მოედნის დატოვება მოუწია, თუმცა 57-ე წუთზე მოვლენები უკვე მათთვის სასარგებლოდ განვითარდა: სერხი რობერტომ ფელიპე ლუისის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა, მეორე გაფრთხილება მიიღო და მასპინძლები 10 კაცით დარჩნენ.

აქედან ორ წუთში ანტუან გრიზმანმა ანგარიშიც გაათანაბრა, მაგრამ გვერდითი მსაჯი შეცდა, არ არსებული თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და გოლი გააუქმა.

68-ე წუთზე უკვე სტუმრები დარჩნენ 10 კაცით: კარასკომ არდა თურანის წინააღმდეგ იუხეშა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბელგიელ მოთამაშეს მინდორზე ფეხი დაუცურდა და განზრახ არ უუხეშია. ასე რომ, ხესუს ხილ მანსანოს მისი დანდობა ნამდვილად შეეძლო.

77-ე წუთზე მესის ყველაფრის გადაწყვეტა შეეძლო. არგენტინელს შესანიშნავი ჯარიმა გაჰქონდა, მაგრამ მიზანმა სულ ოდნავ უმტყუნა და ბურთი ხარიხას მოარტყა. სამ წუთში უკვე მადრიდელებს ჰქონდათ გოლის გატანის 100%-იანი შანსი: ხერარდ პიკემ საკუთარ საჯარიმოში კევინ გამეირო წააქცია და მსაჯმა ხელი პენალტის ნიშნულისკენ გაიშვირა, მაგრამ დაზარალებულმა ბურთი ხარიხას გაარტყა.

სამ წუთში კევინ გამეირომ მაინც გაათანაბრა. მას ცარიელ კარში ანტუან გრიზმანმა გაათანაბრებინა. დარჩენილი წუთები უკიდურესად დაძაბული გამოდგა და მანსანომ კიდევ ერთი წითელი ბარათი ააფრიალა. მან 90-ე წუთზე საკამათო ვითარებაში ლუის სუარესს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და შესაბამისად, ურუგვაელი ფორვარდი ფინალს გამოტოვებს.

მადრიდელებმა დარჩენილ დროში ვეღარაფერი მოასწრეს და გათამაშებას ღირსეულად დაემშვიდობენენ, ხოლო “ბარსელონა” კოპა დელ რეის ფინალში და თავის მეტოქეს ელის, რომელიც დღეს გამოვლინდება: “ალავესი” შინ “სელტას” დაუპირისპირდება.

ბარსელონა – ატლეტიკო 1:1 (1:0) პირველი მატჩი 2:1

ბარსელონა, “ნოუ კამპი”

ბარსელონა (4-3-3): სილესენი, პიკე, უმტიტი, ალბა, რობერტო, რაკიტიჩი (ინიესტა 72), დ.სუარესი (მასკერანო 62), გომეში, თურანი (ბუსკეტსი 70), მესი, ლ.სუარესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

ატლეტიკო (4-4-2): მოია, გოდინი (ლ.ერნანდესი 49), სავიჩი, ხუანფრანი, ლუისი, საული, კოკე, გაიტანი (ა.კორეა 48), კარასკო, ფ.ტორესი (გამეირო 61), გრიზმანი.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლები: 1:0 ლ.სუარესი (43), 1:1 გამეირო (83)
გაფრთხილებები: რობერტო, რაკიტიჩი, სილესენი, ლ.სუარესი, ბუსკეტსი – კარასკო, სავიჩი, ლუისი
გაძევებები: რობერტო (57), ლ.სუარესი (90) – კარასკო (69)
მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო

0.156434