შესანიშნავად თამაშობს კალათბურთში ,,ა“ ლიგის დებიუტანტი მარნეულის ,,დელტა“, რომელმაც დღეს სტუმრად ,,წყალტუბო“ დაძაბულ შეხვედრაში 87:85 დაამარცხა და ქულათა მაქსიმუმით სატურნიტო ცხრილის სათავეში იმყოფება.
დღევანდელ შეხვედრამდე ,,წყალტუბოს“ ორივე შეხვედრა წაგებული ჰქონდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ,,წყალტუბოს“ გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე პირველი ტაიმი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა 41:40, მეორე ტაიმმაც ანალოგიური სცენარით ჩაიარა და მატჩის ბედი მხოლოდ ორმა ქულამ გადაწყვიტა.
ამ შეხვედრაში ყველაზე შედეგიანები ,,წყალტუბოს“ ამერიკელი ლეგიონერები ტრავანტე უილიამსი და ბრაიან ბლექმონი იყვნენ, რომლებმაც შესაბამისად 26 და 25 ქულა დააგროვეს. მათ სხვა თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს და ამიტომაც დამარცხდენ. რაც შეეხება ,,დელტას“, მარნეულელებმა გუნდური თამაში აჩვენეს და 5-მა კალათბურთელმა 10 და მეტი ქულა დააგროვა. მათ შორის 17 ქულით ყველაზე შედეგიანი ზვიად ანთაძე იყო.
,,წყალტუბო“-,,დელტა“ 85:87 (17:21, 23:20, 21:18, 24:28)
ტურის დანარჩენი შეხვედრები 9 თებერვალს ჩატარდება.