სერბეთის ეროვნული ნაკრების თავკაცმა სლავოლიუბ მუსლინმა სპორტბლიც-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ 28 მარტს თბილისში რთულ მატჩს ელის. ამ დღეს თბილისში საქართველო-სერბეთი გაიმართება.
"მე და ჩემი თანაშემწეები მუდმივად ვიმუშავებთ, რათა საქართველოსთან მატჩისთვის იდუალური შემადგენლობა შევკრიბოთ და შეცდომა არ დავუშვათ. სულ ვამბობ, რომ მომდევნო მატჩი უმნიშვნელოვანესია, ნაკრების ფეხბურთელები თითოეულ შეხვედრას უკანასკნელივით უნდა ატარებდნენ. თბილისში სწორედ ასეთი, გადამწყვეტი ბრძოლა გველის.
...საქართველოს ნაკრებს ჯგუფში ჯერ არ მოუგია, მაგრამ მოლდოვასთან ბოლო შეხვედრის გარდა, ყველა მატჩში ხარისხიანად ითამაშა. თბილისში ავსტრიასაც ეთამაშნენ, 1:2 წააგეს, მაგრამ სულ ცოტა, ქულას იმსახურებდნენ. ანუ, ჯგუფში მეტი ქულა უნდა ჰქონდეთ" - განაცხადა მუსლინმა.
სერბეთს თბილისში დააკლდებიან მცველი მატია ნასტასიჩი ("შალკე") და ნახევარმცველი ალექსანდარ კატაი ("ალავესი"). ორივეს დისკვალიფიკაცია აქვს.
მუსლინზე ისიც ვთქვათ, რომ თავის დროზე რუსულ კლუბებში ქართველ ფეხბურთელებთან მუშაობდა: მალხაზ ასათიანთან, ალეკო ამისულაშვილთან, ნუკრი რევიშვილთან, ოთარ მარცვალაძესთან...