2010 წლის მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელმა დიეგო ფორლანმა "არსენალის" თავკაცი არსენ ვენგერი გააკრიტიკა - "მეთოფეები" მისი თავკაცობით ვერაფერს მოიგებენო. ურუგვაელმა აღნიშნა, რომ ვენგერი ადრე მართლაც ძლიერი მწვრთნელი იყო, მაგრამ დღესდღეობით მხოლოდ ხელს უშლის გუნდს.
"მესმის, რომ "არსენალის' გულშემატკივრები გაწბილებულნი არიან. 2004 წლიდან ამაოდ ელიან ტიტულს. როცა "მანჩესტერ იუნაიტედში" ვთამაშობდი, ინგლისის საუკეთესო გუნდი სწორედ "არსენალი" იყო. ამას მხოლოდ მე არ ვაღიარებდი. ეს ერთ-ერთი იშვიათი გუნდი იყო, რომლის წინააღმდეგაც "მანჩესტერ იუნაიტედი" ფრთხილად, დაცვიდან თამაშობდა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, "მეთოფეებს" კი ისევ ვენგერი წვრთნის. კლუბში მენტალიტეტი უნდა შეიცვალოს და ეს უნდა დაიწყოს მწვრთნელის შეცვლით. ხალხი იცინის, როცა "არსენალს' პრემიერლიგის ჩემპიონობის პრეტენდენტად მოიაზრებენ. არადა, ლონდონელებს ტოპ-ფეხბურთელები ჰყავთ, მაგალითად, მესუთ იოზილი და ალექსის სანჩესი. გუნდი ლიდერებს შორისაა და ლამაზ ფეხბურთს თამაშობს, შემდეგ კი ნელ-ნელა ყველაფერი ქრება" - განუცხადა ფორლანმა The national-ს.