5 თებერვალს თბილისის ძიუდოს აკადემიაში ჭაბუკ გოგონათა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა.
ზოგადად თებერვლის თვე ფედერაციას ჭაბუკების სხვადასხვა ასაკობრივი ასპარეზობებისთვის აქვს გამოყოფილი და გადატვირთულ გრაფიკში ბიჭების შეჯიბრზე ადრე გოგონების ტურნირის ჩატარება გადაწყდა.
ჩემპიონატში მონაწილეობა 2000-2003 წლებში დაბადებულმა 58-მა გოგონამ მიიღო, რაც აქამდე რეკორდული მაჩვენებელია. შედარებისთვის შარშან ახალგაზრდების შეჯიბრში 26, ჭაბუკებში 46, ხოლო
უმცროს ჭაბუკებში 44 მოზარდი დარეგისტრირდა. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ჩვენს ქვეყანაში გოგონებში ძიუდოს პოპულარობა სულ უფრო იზრდება და ფართოვდება არეალიც - წამოვიდნენ მოჭიდავეები ასპინძიდან, აბაშიდან, ზესტაფონიდან, სენაკიდან, ფოთიდან, წეროვნიდან. აღარაფერი რომ ვთქვათ თბილისზე, ძიუდოს მექა გორზე, ქუთაისზე და კახეთის რეგიონზე.
შეჯიბრი რვა წონით კატეგორიაში ჩატარდა: -40კგ, -44კგ, -48კგ, -52კგ, -57კგ, -63კგ, -70კგ და +70კგ.
წლევანდელმა ტურნირმა მხოლოდ რამდენიმე ძიუდოისტი მოისაკლისა: ნაკრების მწვრთნელების მიერ გათავისუფლებული იყვნენ ევროპის 2016 წლის ვიცე-ჩემპიონი მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი, ვინც მცირე ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას გადის და 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი მარიამ ჭანტურია, ვინც სულ ახლახანს ოპერაცია გაიკეთა.
ზესტაფონის გუნდმა რიგი მიზეზების გამო ჩამოსვლა ვერ მოახერხა. ბეჭის ტრავმის გამო ვერ იჭიდავა 52 კგ-ში შარშანდელმა გამარჯვებულმა ლილე ხარანაულმა, ხოლო საგარეჯოელებმა შარშანდელმა ვიცე-ჩემპიონებმა ხატია
მინდიაშვილმა და მარიამ კოხტაშვილმა დროებით შეწყვიტეს ვარჯიში.
შეჯიბრი საუცხოო გარემოში ჩატარდა. აკადემიის ტრიბუნებზე შეკრებილმა 500-ზე მეტმა გულშემატკივარმა მართლაც შესანიშნავი ბრძოლები იხილა. მაყურებლის მხრიდან ასეთი ინტერესი იმითაც იყო განპირობებული, რომ 2017
წელი საერთაშორისო არენაზე ჭაბუკებისთვის ძალიან დატვირთული და მნიშვნელოვანია.
ივლისის დასაწყისში ლიტვაში ევროპის პირველობა იმართება, აგვისტოში მსოფლიოს ჩემპიონატს ჩილე უმასპინძლებს, ხოლო ამ ტურნირებს შორის შუალედში უნგრეთში ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალია დაგეგმილი და ბუნებრივია ამხელა დონის შეჯიბრებზე გამოსვლა თითოეული ბავშვის ოცნებაა.
ქვეყნის გუშინდელი პირველობის ძირითადი მიზანი სწორედ აღნიშნული ასპარეზობებისთვის საუკეთესო კანდიდატების შერჩევა გახლდათ და მონაწილეებმაც მთელი გული ჩადეს ჭიდაობაში.
40 და 44 კგ კატეგორიები ზოგადად მსოფლიოს მასშტაბით მონაწილეთა სიმრავლით არ გამოირჩევა და წარმატების მიღწევა იქ შედარებით ადვილია. თუმცა გუშინდელ ტურნირზე ამას ვერ ვიტყვით. ორივე წონაში გოგონები დიდი რაოდენობით იყვნენ და ბრძოლები მეტად თვალსასეირო გამოდგა.
40 კგ წონითი კატეგორია თბილისელმა ნინო წერეთელმა მოიგო. მწვრთნელ სოფო როსტომაშვილის აღზრდილს თუ პირველ შეხვედრაში აჭარელი ბუქიძის გასავლელად დიდი ჯაფა არ დადგომია, შემდეგ ნამდვილი ომის გადატანა მოუხდა ტურნირის აღმოჩენა ასპინძელ მარიამ ფოცხვერაშვილთან. ხან ერთი მოჭიდავე გადიოდა წინ, ხან მეორე. ნამდვილ თრილერში საბოლოოდ ვაზარებით 3:2 უფრო გამოცდილმა წერეთელმა იმარჯვა.
გოდერძი ველიჯანაშვილის შეგირდი ფოცხვერაშვილი უკვე მოექცა ნაკრების მწვრთნელების თვალთახედვის არეში და თუკი ასეთივე მონდომებით გააგრძელებს ვარჯიშს და პროგრესირებას მისი სახით საქართველოს კარგი ძიუდოისტი
ეყოლება. ერთ რამედ ღირდა ფოცხვერაშვილის მიერ ჯერ წონის უპირობო ლიდერის და ფავორიტის სალომე გულისაშვილის სენსაციურად დამარცხება, ხოლო შემდეგ მესამე ადგილისთვის შეხვედრა ანა ეთემაძესთან, სადაც ასპინძელმა ტალანტმა 6 ( ! ) ვაზარი შეასრულა და ბოლოს შებოჭვაზეც დაიჭირა მეტოქე.
ფინალში აქ ქუთაისელი ლოლიტა გაბუნია იყო. დავით თევდორაძის აღზრდილი გაბუნია შარშანაც ფინალში დამარცხდა, თუმცა მისი სტაბილურობა, ჭიდაობის ჟინი და სტილი უდავოდ იქცევს ყურადღებას. ვფიქრობთ კიდევ თუ მოუმატებს ამ ახალგაზრდას შანსი საერთაშორისო დონეზეც მიეცემა.
ცალკე საუბრის ღირსია ლუდა ფერაძის მოსწავლე სალომე გულისაშვილი. 2003 წელს დაბადებულმა საგარეჯოელმა გოგონამ შარშან ერთი ამოსუნთქვით მოიგო ყველა შეჯიბრი სადაც კი დააყენეს. ამჯერადაც ჩემპიონობის მთავარ კანდიდატად სახელდებოდა, თუმცა პირველივე შეხვედრაში ვერაფერი გააწყო ფოცხვერაშვილთან. მომდევნო ორ დაპირისპირებაში კი უპრობლემოდ დაძლია ბუქიძის და არაბულის წინააღმდეგობა რითაც ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. იმედია გულისაშვილისთვის ეს დასანანი მარცხი კარგ გაკვეთილად გამოდგება, ვინაიდან მას ნამდვილად აქვს პოტენციალი რომ უახლოეს ორ წელიწადში წონის ლიდერი გახდეს და ქვეყანას არაერთი გამარჯვება მოუტანოს.
44 კგ-ში საგარეჯოელმა ანა ასანიშვილმა იპირველა. ლუდა ფერაძის შეგირდმა ფინალში რუსთაველი ნინო კულიჯანოვი დაანარცხა. სოფო როსტომაშვილის აღზრილმა კულიჯანოვმა საკმაოდ ღირსეული ჭიდაობა აჩვენა და მაყურებელთა სიმპატიებიც დაიმსახურა. მესამე ადგილები აქ ანა იმერლიშვილმა და ტურნირის ყველაზე უმცროსმა
მონაწილემ ნინო ლოლაძემ დაიკავეს. განსაკუთრებით ლოლაძეა აღსანიშნავი, ვინც თავისი ფიზიკური ძალით და
ფეხის კავურებით დაგვამახსოვრა თავი. უნდა ითქვას 2000 წელს დაბადებული ანა ასანიშვილი სამბოშიც საქართველოს ჩემპიონია და უკვე მეორე სეზონია მთლიანად ამ წონას ერთპიროვნულად ლიდერობს.
48 და 52 კგ კატეგორიები მოლოდინისამებრ ყველაზე დაძაბული და დამაინტრიგებელი გამოდგა. 48-ში სრულიად ქართული ქალთა ძიუდოს ორი დიდი იმედის სალომე ბლიაძის და მარიამ ლაფაჩიშვილის დაპირისპირება იწვევდა ყველაზე დიდი ინტერესს. თუმცა აქვე იყვნენ არანაკლები პოტენციალის მქონე აბაშელი მარიამ ინჯგია, აჭარლები ნატო ფოთელიძე და მარიამ აბუსერიძე. ასევე გვანცა მეხრიშვილი. ამის მიუხედავად ფავორიტებმა მეტოქეებს ძალიან ადვილად მოუგეს და დაანონსებული ფინალიც შედგა. განმეორდა შარშანდელი ფინალი - 2002 წელს დაბადებული თბილისელი ბლიაძე 2003 წელს დაბადებული საგარეჯოელი ლაფაჩიშვილის წინააღმდეგ. ტრიბუნებზე მაყურებელი გაირინდა, ეს მთლიანად დღის შეხვედრა უნდა გამოსულიყო, მაგრამ ბლიაძის გამოცდილებამ თავისი ქნა, როგორც ტექნიკურად ასევე ტაქტიკურად ის ლაფაჩიშვილზე მაღლა იდგა და ისე გაიმარჯვა მცირედი
ეჭვის საფუძველიც კი არ გაუჩენია.
სალომე ბლიაძემ შარშან მოპოვებულ ოქროს მედალს წლევანდელიც მიუმატა და დაამტკიცა რომ ამ მომენტისთვის უძლიერესია. ის ასაკის შეზღუდვის გამო წელს ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილეობას ვერ მიიღებს, მაგრამ ერთი რამე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ - თუკი მარტის დასაწყისში ანტალიის საერთაშორისო ტურნირზე თავს გამოიჩენს ევროპის ჩემპიონატზე გასამგზავრებლად სერიოზულ განაცხადს გააკეთებს.
მესამე ადგილები აქ მარიამ ინჯგიამ და მარიამ აბუსერიძემ მოიპოვეს. ბათუმელი აბუსერიძე 2003 წელს გახლავთ დაბადებული. სამი შეხვედრა ჩინებულ ბრძოლაში მოიგო, მედალთან ერთად საყოველთაო მოწონებაც დაიმსახურა და
ძალიან გაახარა როგორც მთავარი მწვრთნელი ნანი კირკიტაძე, ასევე მისი პირადი აღმზრდელი, აჭარის ნაკრების მეორე მწვრთნელი ნათია აბუსერიძე.
52 კგ კატეგორია წონის ფავორიტის და პირველ ნომრად განთესილი მარიამ გურგულიანის გამარჯვებით დასრულდა. 2001 წელს დაბადებულმა ლატალელმა გოგონამ სვანეთიდან ამ მოგებით სერიოზული ნაბიჯი გადადგა ჭაბუკთა ოლიმპიურ ნაკრებში მოსახვედრად. გურგულიანთან წარმატება ადვილად არ მოსულა. მან ორი ურთულესი, თითქმის წაგებული შეხვედრა შემოატრიალა. ჯერ ნახევარფინალში ფიზიკურად ძალიან ძლიერ მარიამ გულედანთან ვაზარი, ფინალში წეროვნელ ეკა ტატუნაშვილთან შიდო ამოიღო, მაინც გატეხა მეტოქეები და შეიძლება ითქვას, კბილებით გაიკვლია გზა ოქროს მედლისკენ.
სპეციალისტები ერთხმად აღნიშნავდნენ გურგულიანის ბრძოლისუნარიანობას, თვისებას რომელიც აგრერიგად ფასობს ძიუდოისტებში და აუცილებელია დიდი მიზნების მისაღწევად. ნაკრების მწვრთნელებს არც ფინალისტის ეკა ტატუნაშვილის კარგი გამოსვლა გამოპარვიათ. 2001 წელს დაბადებული გოგონა ძიუდოს სამყაროში ახალი არ არის. მან პატარა ასაკიდანვე მიიქცია საყოველთაო ყურადღება და ახლა მხოლოდ მასზეა დამოკიდებული როგორ განვითარდება, რომ ევროპაში თავის გამოჩენის შანსი მიეცეს.
მესამე ადგილები ამ წონაში გორელმა მარიამ მაზანაშვილმა და თბილისელმა ანი უთრუგაშვილმა მოიპოვეს. მაზანაშვილი თუ სერიოზული მოჭიდავეა და ნაკრების შეკრებებზეც ხშირად იმყოფება, სრულიად ახალბედაა უთრუგაშვილი. სოფო როსტომაშვილის აღსაზრდელმა ძიუდოზე მისვლიდან მოკლე პერიოდი თავისი შრომისმოყვარეობით მოახერხა იმდენი, რომ ასეთ ძლიერ კამპანიაში არ ჩაიკარგა და ბრინჯაოს
მედალიც დაისაკუთრა.
57 კგ წონით კატეგორიაში მთლიანად ტურნირის ერთ-ერთმა საუკეთესო მოჭიდავემ, საქართველოს ნაკრების წევრმა თინათინ რევაზიშვილმა იპირველა. ლუდა ფერაძის აღზრდილმა და მთავარმა იმედმა 2000 წელს დაბადებულმა საგარეჯოელმა რევაზიშვილმა დიდი პროგრესი განიცადა ბოლო ერთი სეზონის განმავლობაში. 2016 წელს მან ძიუდოში ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღებაც მოასწრო, ძიუდოს სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებშიც მიიღო გამოცდილება და სამბოში ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატიდან ბრინჯაოს მედალი ჩამოიტანა. ის ნაბიჯ-ნაბიჯ იქცა ნაკრების უცვლელ წევრად და ამ ასაკში წონის ფავორიტობას ბეჭედი გუშინდელ შეჯიბრზე დაუსვა - დაამარცხა რა მთავარი კონკურენტი ელენე ბებოშვილი.
შეგახსენებთ, სოფო როსტომაშვილის აღზრდილი ბებოშვილი გამოჩენილი ძიუდოისტის მზია ბებოშვილის უმცროსი და გახლავთ და ისიც საკმაოდ წარმატებულად ჭიდაობს.
შარშანდელ პირველობაზე ელენემ შეძლო რევაზიშვილის დამარცხება, თუმცა იმის შემდეგ იგივეს გაკეთებას ვეღარ ახერხებს. ვფიქრობთ ელენე ბებოშვილმა აუცილებლად უნდა მოუმატოს თუ სურს საერთაშორისო ტურნირების ფერხულში ჩაბმა. მესამე ადგილები ამ წონაში აჭარელმა ხატია შარაძემ და თბილისელმა მზია ტაკაშვილმა მოიპოვეს.
63 კგ-ზე ბევრი არაფერია სასაუბრო. ყოველგვარი პრობლემის გარეშე ოქროს მედალს დაეუფლა მთავარი ფავორიტი ქუთაისელი ინდირა სილაგაძე. დავით თევდორაძის აღზრდილი 2001 წელს დაბადებული სილაგაძე ერთ-ერთი გამორჩეული მოჭიდავეა არა მარტო ამ წონაში, არამედ მთლიანად ქვეყანაში. ის მარიამ ჭანტურიას მგავსად და კიდევ მსგავსად ანი ბერიძისა, რომელზეც ქვემოთ გვექნება საუბარი, გამორჩეული ყაიდის ძიუდოისტია. ეს სამივე გოგონა 175 სმ სიმაღლის, დახვეწილი აღნაგობის, შესაშური ფიზიკური ძალის და გამორჩეული მონაცემებისაა, ისეთი სტილი აქვთ როგორც ნამდვილ ტერმინატორებს, არ აინტერესებთ ვინ დგას მათ წინ, შეუძლიათ გადათელონ ყველა და ყველაფერი. მარიამ ჭანტურიამ უკვე მოასწრო ევროპის ჩემპიონატზე მედლის მოპოვება, ინდირა სილაგაძეს ვფიქრობთ ყველა შანსი აქვს იგივე რანგის ტურნირებზე გაემგზავროს, მთავარია გულმოდგინედ ვარჯიში არ შეწყვიტოს. მას წარმატების ყველა წინაპირობა გააჩნია. ამ წონაში მეორე ადგილი დაიკავა ნანი კირკიტაძის აღზრდილმა ბათუმელმა ქეთი ჩხაიძემ. ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ ასევე აჭარელი თამუნა დოლიძე და ანა ქარელი.
70 კგ-ში დიდი დრამა გათამაშდა ფინალში, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ აბაშელი მარიამ თეთრაძე და ასპინძელი ანი ბერიძე. 2000 წელს დაბადებული ბერიძე გოდერძი ველიჯანაშვილის მოსწავლეა. მან ფინალამდე ორი შეხვედრა ულამაზეს სტილში მოიგო, ბრწყინვალე გდებებით და შებოჭვით. ფინალშიც ბოლო წამამდე ლიდერობდა, თუმცა 5 წამით ადრე გდებაზე მოყვა და უაღრესად დასანანი მარცხი იწვნია.
მამუკა ალანიას აღზრდილი 2002 წელს დაბადებული აბაშელი მარიამ თეთრაძე პატარა ასაკის მიუხედავად გამოცდილი მოჭიდავეა. ის ქვეყნის შარშანდელი ჩემპიონია ძიუდოში. წელს არც სამბოში დაუთმო ვინმეს პირველობა და საერთაშორისო ტურნირებშიც მოასწრო გამოცდილების მიღება. მათ შორის სამბოს მსოფლიოს ჩემპიონატზეც არის ნამყოფი. შეიძლება სწორედ ამ გამოცდილების ხარჯზე მოახერხა თეთრაძემ ძალიან ძლიერი ბერიძის დამარცხება. თეთრაძე და ბერიძე ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელების თვალთახედვის არეში მოხვდნენ. ვფიქრობთ, მათ ამიერიდან მეტი ყურადღება დაეთმობათ. მესამე ადგილები დაიკავეს თბილისელებმა ლიზი ოქრიაშვილმა და თამარ გოგოლაძემ.
+70 კგ წონით კატეგორიაში დიდი ბრძოლა არ შედგა. გამარჯვება 2001 წელს დაბადებულმა თბილისელმა სალომე მაყიშვილმა იზეიმა, რაც მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან მთავარი კონკურენტი სოფიო სომხიშვილი ტურნირიდან გათავისუფლებული იყო, ხოლო ფინალში გასული გვანცა სომხიშვილი მხოლოდ 2003 წელს არის დაბადებული და რა გასაკვირია რომ მაყიშვილს სათანადო წინააღმდეგობას ჯერ ვერ უწევს.
თავად სალომე მაყიშვილზე აუცილებლად უნდა ითქვას - სოფო როსტომაშვილის მოსწავლემ ძალიან მოუმატა ბოლო პერიოდში, სერიოზულ ძალად ჩამოყალობდა და საერთოდაც იგი მთელი საქართველოს მასშტაბით ეთერ ლიპარტელიანსა და სოფიო სომხიშვილთან ერთად ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან ძიუდოისტადაა მოჩნეული. თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა მაყიშვილი აუცილებლად იასპარეზებს წელს გასამართ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ჭაბუკებს შორის.
გოგონებმა შემდეგი შეფასება დაიმსახურეს:
ტურნირის საუკეთესო ძიუდოისტი: სალომე ბლიაძე, თინათინ რევაზიშვილი
ყველაზე ეფექტური ძიუდოისტი: ინდირა სილაგაძე, სალომე მაყიშვილი
ყველაზე დამაჯერებელი ასპარეზობა: ანა ასანიშვილი
მომავლის იმედი: მარიამ ლაფაჩიშვილი, სალომე გულისაშვილი, გვანცა
სომხიშვილი, ლიზი ოქრიაშვილი, ნინო ლოლაძე
ტურნირის გმირობა: მარიამ თეთრაძე
ყველაზე მებრძოლი ძიუდოისტი: მარიამ გურგულიანი, ნინო წერეთელი
ტურნირის აღმოჩენა: მარიამ ფოცხვერაშვილი, ანი ბერიძე
სპეციალისტთა რჩეული: ეკა ტატუნაშვილი
საქართველოს ჩემპიონატი 2000-2003 წლებში დაბადებულ ჭაბუკ
გოგონათა შორის
5 თებერვალი 2017, თბილისი
40 კგ
1. ნინო წერეთელი , 2. ლოლიტა გაბუნია , 3. სალომე გულისაშვილი , მარი
ფოცხვერაშვილი
44 კგ
1. ანა ასანიშვილი, 2. ნინო კულიჯანოვი, 3. ანა იმერლიშვილი, ნინო ლოლაძე
48 კგ
1. სალომე ბლიაძე, 2. მარიამ ლაფაჩიშვილი, 3. მარიამ აბუსერიძე, მარიამ ინჯგია
52 კგ
1. მარიამ გურგულიანი, 2. ეკა ტატუნაშვილი, 3. ანი უთრუგაშვილი, მარიამ მაზანაშვილი
57 კგ
1. თინათინ რევაზიშვილი, 2. ელენე ბებოშვილი, 3. მზია ტაკაშვილი, ხატია შარაძე
63 კგ
1. ინდირა სილაგაძე, 2. ქეთი ჩხაიძე, 3. თამუნა დოლიძე, ანა ქარელი
-70 კგ
1. მარიამ თეთრაძე , 2. ანი ბერიძე , 3. თამარ გოგოლაძე , ლიზი ოქრიაშვილი
+70 კგ
1. სალომე მაყიშვილი, 2. გვანცა სომხიშვილი, 3. ია მაისურაძე, მარიამ თოდუა