დევისის თასის გათამაშება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ტურნირია, რომელსაც მამაკაცთა შორის მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატსაც უწოდებენ. ამ თასის ევრო-აფრიკული ზონის მეორე ქვეჯგუფში პირველი ჯგუფის საგზურისათვის ბრძოლაში კენჭისყრამ ერთმანეთს საქართველოსა და ფინეთის ნაკრები გუნდები შეახვედრა.
სტუმრები თბილისში შესუსტებული შემადგელობით ჩამოვიდნენ, ამიტომ ფავორიტად მასპინძლები ითვლებოდნენ. ამ მოსაზრებას ის ფაქტიც ამყარებდა, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი ერთეულთა მიმდინარე რეიტინგის პირველი ასეულის წევრმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გამოთქვა. ნიკას მარჯვენა ხელი გიორგი ცივაძე უნდა ყოფილიყო, რომელსაც ერთეულთა რეიტინგში 810-ე, ხოლო წყვილებში 589-ე ადგილი უკავია. ურეიტინგოები არიან ზურაბ ტყემალაძე და ვაჟა შუბლაძე, რომლებმაც გუნდი შეავსეს.
ფინელთა შორის როგორც ერთეულთა(745) ისე წყვილთა(818) შორის ყველაზე კარგი მიმდინარე რეიტინგი პატრიკ ნიკლას-სალმინენს ჰქონდა.
მართალია, საქართველო ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ ფინელთა ბარიერი სულაც არ გამოდგა იოლი გადასალახი. ამ დაპირისპირებაში მასპინძლებს გამარჯვება გიორგი ცივაძემ მოუტანა, რომელმაც უაღრესად დაძაბულ შეხვედრაში ნიკლას-სალმინენს 3:2 მოუგო.
აღნიშნული შეხვედრის პირველ სეტში ცივაძემ მეტოქე 6:4 დაამარცხა და 1:0 დაწინაურდა. მეორე სეტი ნიკლას - სალმინენის უპირატესობით დაიწყო. მაშინ, როცა ანგარიში 5:2 იყო ფინელის სასარგებლოდ და სეტის მოგებამდე მას ერთი ნაბიჯიღა აშორებდა, ცივაძემ ზედიზედ 5 გეიმი მოიგო, 7:5 გაიმარჯვა და ანგარიშით 2:0 დაწინაურდა. აზარტში შესულმა ცივაძემ მესამე სეტიც კარგად დაიწყო. 5:3 -ზე ახლა ცივაძეს აშორებდა არამარტო სეტის, არამედ შეხვედრის მოგებამდე ერთი ნაბიჯი, მაგრამ ამ დროს ფინელი გააქტიურდა, იგი შეუჩერებელი იყო, 7:5 გაიმარჯვა და ანგარიშში სხვაობა შეამცირა 1:2-მდე.
მეოთხე სეტში ცივაძე ძალიან სუსტად გამოიყურებოდა. 0:6 წააგო და ანგარიშიც გათანაბრდა 2:2.
მეხუთე გადამწყვეტი სეტის პირველი გეიმი ნიკლა- სალმინენმა მოიგო და1:0 დაწინაურდა. ეს დღევანდელ შეხვედრაში მის მიერ ზედიზედ მოგებული მეთერთმეტე გეიმი იყო. მაშინ, როცა ანგარიში 5:2 გახდა ფინელის სასარგებლოდ, თითქმის ყველამ ხელი ჩაიქნია ცივაძის გარდა. გიორგიმ შესაშური ნებისყოფა გამოიჩინა და ზედიზედ მოგებული 4 გეიმის შემდეგ 6:5 დაწინაურდა.
ერთი გეიმიც და გამარჯვება ცივაძესთან ერთად საქართველოს ნაკრებს დარჩებოდა, მაგრამ ნიკლას- სალმინენმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა 6:6 და თამაში ტაი-ბრეიკში ანუ დამატებით გეიმში გადაიყვანა. აქ კი უფრო ძლიერი ცივაძე აღმოჩნდა, მეტოქე 7:5 დაამარცხა და ნაკრებს გადამწყვეტი გამარჯვება მოუტანა.
მორიგ ეტაპზე, რომელსაც მიმდინარე წლის 7-9 აპრილს თბილისი უმასპინძლებს, საქართველოს ნაკრები ლიტვის ნაკრებს შეხვდება, რომელმაც ამ ეტაპზე მადაგასკარის გუნდი დაამარცხა.
გაგაცნობთ საქართველო-ფინეთის დაპირისპირებაში შეხვედრათა ტექნიკურ შედეგებს:
3 თებერვალი
ერთეულთა შეხვედრები:
ნიკოლოზ ბასილაშვილი- ეერო ვასა 3:1 ( 2:6, 6:1, 6:4, 6:1 )
გიორგი ცივაძე -ჰარი ჰელიოვარა 0:3 (5:7, 2:6, 1:6)
4 თებერვალი
წყვილთა შეხვედრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი, გიორგი ცივაძე-ჰარი ჰელიოვაარა, პატრიკ ნიკლას- სალმინენი 0:3 ( 4:6, 0:6, 3:6)
5 თებერვალი
ერთეულთა შეხვედრები:
ნიკოლოზ ბასილაშვილი ემილ რუუსუვეორი 3:0 (6:2, 6:4, 6:4)
გიორგი ცივაძე- პატრიკ ნიკლას-სალმინენი 3:2 (6:4, 7:5, 5:7, 0:6, 6:6 (7:5) )
საქართველო-ფინეთი 3:2