ჩოგბურთი

16:04 | 5.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

გამარჯვებულის ვინაობას მეხუთე შეხვედრა დაასახელებს

ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე დევისის თასზე, სადაც ერთმანეთს საქართველო და ფინეთი ხვდებიან, საქართველოს პირველი ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი და სტუმართა მესამე ნომერი, აქამდე უთამაშებელი ემილ რუუსუვუორი დაუპირისპირდნენ. წესით ბასილაშვილი პირველ ნომერ პატრიკ ნიკლას-სალმინენს უნდა შეხვედროდა, მაგრამ სტუმართა კაპიტანმა კიმ ტიილიკაინენმა ასე გადაწყვიტა.

რა თქმა უნდა, ფავორიტად ბასილაშვილი ითვლებოდა, რომელიც ერთეულთა რეიტინგში 86-ე ადგილზე იმყოფება, ხოლო რუუსუვუორი კი 1511-ეა. ამხელა სხვაობის მიუხედავად ფინელი ბოლომდე იბრძოდა და სერიოზულ წინააღმდეგობას უწევდა გამოცდილ მეტოქეს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ იგი მხოლოდ 18 წლისაა, ხოლო ბასილაშვილი მასზე 7 წლით უფროსია. როგორც მოსალოდნელი იყო ბასილაშვილმა სამ სეტში 3:0 (6:2, 6:4, 6:4) შეძლო მეტოქის დამარცხება და მთლიანობაში ანგარიში გაათანაბრა - 2:2.

ამრიგად, საქართველოსა და ფინეთს შორის გამარჯვებულის ვინაობა ბოლო მეხუთე შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი, სადაც ერთმანეთს საქართველოს ნაკრების მეორე ნომერი გიორგი ცივაძე და სტუმართა გუნდის ლიდერი პატრიკ ნიკლას-სალმინენი ხვდებიან.

0.165268