ფეხბურთი

10:00 | 5.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

"თქვენ ირჩევთ" - მჭედლიძე იანვარშიც საუკეთესოა

ლევან მჭედლიძე იანვრის თვის საუკეთესო ფეხბურთელია WORLDSPORT.GE-ს მკითხველთა გადაწყვეტილებით. “ემპოლის” 26 წლის ქართველი ფორვარდი ჩვენი ვებგვერდის მომხმარებელთა აზრით ზედიზედ მეორედ დასახელდა თვის საუკეთესო მოთამაშედ. თუმცა, თუ დეკემბერში ლევანმა დიდი უპირატესობით მოიგო გამოკითხვა “თქვენ ირჩევთ”, ამჯერად პირიქით, ძალზე მცირე უპირატესობით გავიდა პირველ საფეხურზე.

გამოკითხვაში მონაწილეობა 673 ადამიანმა მიიღო და ხმათა 46.8% მჭედლიძემ მიიღო. მან მცირედით გაუსწრო “მორეირენსეს” მეკარე გიორგი მაკარიძეს – ქართველმა კიპერმა ხმების 45.6% მიიღო.

მესამე პოზიცია დაიკავა “ვიტესის” კაპიტანმა გურამ კაშიამ, რომელსაც ხმების მხოლოდ 4.8% მიიღო, ხოლო ბოლო მეოთხე საფეხურს დასჯერდა ნიკა კაჭარავა – 2.8%.

აქვე გეტყვით, რომ მას შემდგომ, რაც გამოკითხვა “თქვენ ირჩევთ” განთავსდა ჩვენს საიტზე, ხმები ასე თანაბრად არ გადანაწილებულა. ამასთან, პირველად მოხდა, რომ ერთი ფეხბურთელი ორჯერ დასახელდა თვის საუკეთესო ფეხბურთელად.

შეგახსენებთ წინა თვეების გამარჯვებულებსაც: სექტემბერი – ჯანო ანანიძე, ოქტომბერი – ვაკო გვილია, ნოემბერი, თორნიკე ოქრიაშვილი, დეკემბერი – ლევან მჭედლიძე.

ახლა კი, იანვრის თვის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელზეც ვთქვათ ორიოდ სიტყვა:

ქართველ ფორვარდს 2017 წლის პირველი თვე ჩინებული გამოუვიდა – 4 თამაში, 2 გოლი. “ემპოლის” ლეგიონერმა “უდინეზესა” და “კროტონეს” გაუტანა. გარდა ამისა, “პალერმოსთან” მატჩში მასიმო მაკარონეს ისეთი პასი გაუკეთა, საგოლე გადაცემა რომ შეგვიძლია დავარქვათ. გარდა ამისა, “სამპდორიასთან” შეხვედრაში უკვე თვითონ მოიპოვა თერთმეტრიანი, რომელიც თავადვე შეასრულა, თუმცა სამწუხაროდ გენუელთა მეკარეს ვერ აჯობა. მიუხედავად ამისა, იანვარში იგი მაინც კარგად გაისარჯა. ხუმრობა საქმე ხომ არაა, იტალიის მთავარ ლიგაში ზედიზედ ორ მატჩში გოლის გატანა.

“თქვენ ირჩევთ” ტრადიციულად თებერვლის დასრულების შემდეგ განთავსდება ჩვენს ვებგვერდზე და მკითხველი ამჯერად უკვე, შესაბამისად 2017 წლის მეორე თვის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელს ისევ გამოავლენს.

0.135109