პორტუგალიის ქალაქ ოდიველაშში მიმდინარე ევროპის ღია ტურნირზე, ორდღიანი პროგრამის პირველი დღე ქართველი ძიუდოისტებისთვის წარუმატებელი გამოდგა. ფინალური ბლოკი ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ გადამწყვეტი შეხვედრები ჩვენებურთა გარეშე ჩაივლის.
2017 წლის პირველ საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ნაკრები გადახალისებული და გაფართოებული შემადგენლობით – 17 სპორტსმენით ჩავიდა. მათგან დღეს კონკურენციაში 7 ჩაება, მაგრამ საპრიზო სამეულში მოხვედრის შანსი ყველამ დილის პროგრამაშივე დაკარგა.
60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ტატამზე ჭაბუკებს შორის ევროპის და მსოფლიოს რამდენიმეგზის პრიზიორი, 18 წლის რობინზონ ბეგლარაშვილი და გიორგი ბროლაშვილი გავიდნენ. ორივემ მხოლოდ თითო წრე დაძლია. ბროლაშვილმა პორტუგალიელი ალეშანდრე სილვას იპონით ძლევის შემდეგ, იპონითვე წააგო ავსტრალიელ ჯოშუა კატსთან. ბეგლარაშვილმა კი ესპანელ რაულ დიას ლოპესს სუფთად აჯობა და ფრანგ ვენსან ლიმართან ვეღარას გახდა.
66 კილოგრამში მოჭიდავე თორნიკე ნაგლიაშვილს რეპეშაჟის ფინალამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატების 2-გზის ფინალისტმა ძირითად ბადეში არგენტინის ნაკრების წევრ მინორუ ტამაშიროსა და პორტუგალიელი ანდრე სუარეშის იპონ-იპონ ძლევის შემდეგ, ბელგიელ იასპერ ლეფევერს ოქროს დროში შესრულებული ვაზარით აჯობა.
ოქროსკენ მიმავალი გზა ნაგლიაშვილს მეოთხედფინალში ებრაელმა ბარუხ შმაილოვმა წუთნახევარში ჩაუკეტა. "ბრინჯაოს ნახევარფინალი” კი 20 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ასევე წუთნახევარში წააგო ფრანგ ალექსანდრ მარიასთან და საბოლოოდ მე-7 ადგილს დასჯერდა.
ამავე წონაში, საქართველოს დროშის ქვეშ კიდევ ორმა ძიუდოისტმა იჭიდავა, მაგრამ მხოლოდ თითოჯერ. თორნიკე თათარაშვილი და ლაშა გიუნაშვილი საქმეში მეორე წრიდან ჩაერთნენ. თათარაშვილი ესპანელ ალბერტო გაიტერო მარტინთან ოქროს დროის დაწყებიდან 33-ე წამზე გაშვებული ვაზარით დამარცხდა, ხოლო გიუნაშვილმა მესამე დამატებულ წუთზე წააგო იპონით ტურნირზე მეორე ნომრად განთესილ ძიუდოისტთან - ფრანგ კილიან ლე ბლუშთან.
გიგა გიგაური და ომარ ნიაზაშვილი (ორივე - 73 კგ) ევროპის ღია ტურნირს მერვედფინალიდან გამოეთიშნენ. გიგაურმა იქამდე ორი მეტოქე ჩამოიშორა: ესპანელი ალბერტო მენედეს რუბიერა და პორტუგალიელი ნუნუ სარაივა. ორივე - ვაზარით. ფრანგ მეტიუ ლიტლ ლებრეტონთან კი თავად გაუშვა ორი ვაზარი.
ნიაზაშვილი წილისყრამ პირველ წრეში დაასვენა. საწყის შეხვედრაში ესპანელ არეს ერერო ოსორნოს საფინალო გონგამდე 1 წამით ადრე მოუმთავრა საქმე. შემდეგ კი უკრაინელ ალექსანდრ კოშლიაკთან მესამე წუთზე დამარცხდა.
ხვალ მედლები დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში: 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში გათამაშდება. საქართველოს სახელით იჭიდავებენ: კობა მჭედლიშვილი, გიორგი პაპუნაშვილი (ორივე - 81 კგ), ნოდარ ბერიანი, არჩილ გოგოლაშვილი, უშანგი მარგიანი (სამივე - 90 კგ), იასონ ნემსაძე, დავით ოზბეთელაშვილი, ალექსანდრე ზაალიშვილი (სამივე - 100 კგ), გუგა კიბორძალიძე და ონისე ბუღაძე (ორივე - +100 კგ).