ამ ტურის მესამე შეხვედრაში სუპერლიგის დებიუტანტმა „კაკტუსმა“ ქვეყნის მოქმედ ჩემპიონსა და ზურაბ საკანდელიძე-მიხეილ ქორქიას მემორიალის გამარჯვებულ „ქუთაისს“ უმასპინძლა. მიმდინარე ჩემპიონატში ქუთათურები მეორე ადგილზე იმყოფებიან, ხოლო „კაკტუსი“ ამ ტურამდე „ბათუმთან“ და „სოხუმთან“ ერთად მეოთხე-მეექვსე ადგილებს ინაწილებდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ფავორიტად სტუმრები მიიჩნეოდნენ. პროგნოზების საპირისპიროდ, შეხვედრა მასპინელთა უპირატესობით დაიწყო. რამდენჯერმე იყო მომენტი, როცა „კაკტუსის“ ლიდერობა 6 ქულას აღწევდა. პირველი მეოთხედის დამთავრებამდე 3 წუთით ადრე, როცა ანგარიში 16:10 იყო „კაკტუსის“ სასარგებლოდ, სტუმრებმა შეძლეს თამაშში გარადატეხის შეტანა და დროის ეს მონაკვეთი 1 ქულის სხვაობით, 20:19 მოიგეს.
მეორე მეოთხედი საპირისპირო სცენარით წარიმართა. ახლა „ქუთაისი“ აქტიურობდა და მალე 28:21 დაწინაურდა. ტაიმის მიწურულს კი „კაკტუსი“ გააქტიურდა, რომელმაც არამარტო ანგარიშის გათანაბრება შეძლო, არამედ წინ გასვლაც მოახერხა და პირველი ტაიმი 3 ქულის სხვაობით, 40:37 მოიგო.
მეორე ტაიმში „ქუთაისი“ სრულ უპირატესობას ფლობდა და 81:66 იმარჯვა.
ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი, 19 ქულა „ქუთაისის“ სერბმა ლეგიონერმა, ცენტრალურმა თავდამსხმელმა დრაგან ტუბაკმა დააგროვა, რომელსაც ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. მასპინძელთა შემადგენლობაში ყველაზე კარგი შედეგი ამერიკელმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა ჯონ ფლოვიესმა აჩვენა, რომლის ანგარიშზეც 18 ქულა და ამდენივე მოხსნაა.
ამ ტურის ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი „დინამო“ და ერთ-ერთი აუტსაიდერი „ოლიმპი“ ხვდებიან.
კაკტუსი – ქუთაისი 66:81
(19:20, 21:17, 12:23, 14:21)