ოლიპიურ სასახლეში მიმდინარე საჩოგბურთო დევისის თასზე, სადაც ერთმანეთს საქართველო და ფინეთი ხვდებიან, მესამე თამაში ჩატარდა. ამჯერად, ერთმანეთს წყვილები დაუპირისპირდნენ. საქართველოს ნაკრების რიგებში, შესაბამისად პირველი და მეორე ნომრები, ნიკოლოზ ბასილაშვილი და გიორგი ცივაძე გამოდიოდნენ. კენჭისყრის შედეგად, სტუმართა მეოთხე ნომერ ჰარი ჰელიოვაარას და მესამე ნომერ ემილ რუუსუვუორის უნდა ეთამაშათ. ჰელიოვაარა ვიხილეთ წყვილთა შემადგენლობაში, ხოლო გუნდის კაპიტანმა კილ ტილიკაიენმა რუუსუვუორი გამოჯანმრთელებული პირველი ნომრით, პატრიკ ნიკლას-სალმინენით შეცვალა, რომელმაც ვარჯიშის დროს ფეხი იტკინა.
წყვილთა შორის უკეთესი რეიტინგებიდან გამომდინარე ფავორიტად მასპინძლები ითვლებოდნენ. მართალია, დღევანდელ შეხვედრაში ჰელიოვაარას ყველაზე კარგი რეიტინგი ჰქონდა, მაგრამ მას რამდენიმე წელია აღარ უთამაშია. ამიტომ ძნელი სავარაუდო იყო, რომ იგი თავის ძველ ფორმას აღიდგენდა.
შეხვედრის სტარტი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. 4:4-ის შემდეგ სტუმრებმა ზედიზედ ორი გეიმის მოგება მოახერხეს, პირველი სეტი 6:4 მოიგეს და 1:0 დაწინაურდნენ. მეორე სეტმა ფინელთა სრული უპირატესობით ჩაიარა - 6:0 და სეტებში ანგარიში გახდა 2:0. მესამე სეტში საქართველოს ნაკრებს უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა, რადგან სეტის წაგების შემთხვევაში მატჩსაც აგებდა. ისევე, როგორც პირველ სეტში, ბასილაშვილმა და ცივაძემ ამჯერადაც მხოლოდ სეტის დასაწყისში გაუწიეს მეტოქეებს წინააღმდეგობა, მაგრამ ფინეტი აშკარადაც ძლიერი იყო და უპირატესობას ის ფლობდა. ეს მალე ანგარიშშიც გამოიხატა, ფინელებმა ამჯერად 6:3 გაიმარჯვეს და საერთო ჯამში 3:0 შეძლეს მეტოქის დამარცხება.
ამრიგად, მეორე და მესამე შეხვედრის მოგების შემდეგ ფინეთის ნაკრები 2:1 დაწინაურდა. ერთეულთა შორის გადამწყვეტი შეხვედრები ხვალ გაიმართება. ფინელებს გამარჯვებამდე 1 მოგებაღა აშორებთ. მასპინძლებმა კი მიზნის მისაღწევად ორივე დაპირისპირება უნდა მოიგონ, რაც ძალიან რთული იქნება, მაგრამ გამორიცხული არაფერია.