ჩოგბურთი

15:50 | 3.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო დაწინაურდა

დევისის თასის ევრო-აფრიკული ზონის II ჯგუფში მოასპარეზე საქართველოსა და ფინეთის ვაჟ ჩოგბურთელთა შეხვედრა დაიწყო. მატჩს თბილისის ოლიმპიური სასახლე მასპინძლობს. პირველები სარბიელზე საქართველოს ნაკრების ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი და სტუმართა მეორე ნომერი ეერო ვასა გავიდნენ. ფავორიტად ბასილაშვილი მიიჩნეოდა, რადგან ის რეიტინგის პირველ ასეულში იმყოფება, ხოლო ვასა ათასეულს მიღმაა - 1113-ე ადგილი უკავია.

როგორც ითქვა, ფავორიტი ბასილაშვილი იყო, მაგრამ პროგნოზის საპირისპიროდ, შეხვედრა ვასას უპირატესობით დაიწყო და სეტიც მისი გამარჯვებით დასრულდა - 6:2. მეორე სეტში ბასილაშვილმა სიტუაცია გამოასწორა, მეტი ყურადღებით ათამაშდა და სრული რევანში აიღო. ნიკოლოზმა 6:1 იმარჯვა და სეტების ანგარიში გაათანაბრა - 1:1.

მესამე სეტი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მაშინ, როცა ანგარიში 4:3 იყო ვასას სასარგებლოდ, ბასილაშვილმა ზედიზედ სამი გეიმის მოგება მოახერხა, მესამე სეტი 6:4 მოიგო და 2:1 დაწინაურდა.

ახალგაზრდა ვასას მეოთხე, გადამწყვეტ სეტში დაღლა დაეტყო. ამით ისარგებლა ბასილაშვილმა, 6:1 დაამარცხა მეტოქე და მთლიანობაში 3:1 შეძლო ვასას დამარცხება.

ამრიგად, საქართველოსა და ფინეთის დაპირისპირებაში მასპინძლები 1:0 დაწინაურდნენ. მეორე წყვილში ერთმანეთს საქართველოს ნაკრების მეორე ნომერი გიორგი ცივაძე და სტუმართა ლიდერი პატრიკ მიკლას-სალმინენი ხვდებიან. რეიტინგიდან გამომდინარე, მცირე უპირატესობას ფინელი ფლობს, რომელსაც ერთეულთა რეიტინგში 745-ე ადგილი უკავია, ცივაძე კი 810-ეა.

0.134707