თბილისის ოლიმპიური სასახლე „ა“ ლიგის მეორე ტურის მატჩებს მასპინძლობს. პირველები სარბიელზე თსუ და მარნეულის „დელტა“ გავიდნენ, რომლებსაც ამ შეხვედრამდე თითო მოგება ჰქონდათ და ლიდერთა შორის იმყოფებოდნენ.
დაძაბული შეხვედრის ბედი ბოლო წამებში გადაწყდა. 64:62 გაიმარჯვა „დელტამ“ და ზედიზედ ორი მოგების შემდეგ სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება.
თამაში მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, რომლებიც მეხუთე წუთისთვის 7 ქულით დაწინაურდნენ. ამის შემდეგ „დელტას“ კალათბურთელები გამოფხიზლდნენ, სრულ უპირატესობას დაეუფლნენ და პირველი მეოთხედის შემდეგ წინ გავიდნენ - 13:9. მეორე მეოთხედში სტუმართა უპირატესობა კიდევ უფრო აშკარა გახდა და ერთ პერიოდში მათმა უპირატესობამ 13 ქულასაც კი მიაღწია 30:17. თსუ „ჰიუნდაის“ სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ისინი არ მოეშვნენ, ბოლომდე იბრძოლეს და მეოთხე მეოთხედში ანგარიში გაათანაბრეს 46:46. მასპინძლები ამით არ დაკმაყოფილდნენ და წინ გასვლაც კი მოახერხეს. არანაკლები ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა „დელტამ“. ეს გუნდი როცა აგებს, მაშინ უფრო აქტიურდება. ასე იყო ამჯერადაც. მდევრის როლში მყოფი სტუმრები, ისევე როგორც პირველ მეოთხედში, ისევ გააქტიურდნენ და ძირითადი დროის დასრულებამდე 2 წუთით ადრე ლევან ელიაძის ზუსტი სამქულიანის შემდეგ კიდევ ერთხელ დაწინაურდნენ 60:59. დარჩენილმა დრომ გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა. ბოლო წამებში „დელტას“ გამარჯვების მომტანი ქულები ლეგიონერებმა დიანდრე რეიმ და ლარონ გრიფინმა მოუტანეს.
ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 21 ქულა რეიმ დააგროვა. 13 ქულით და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი ელიაძემ შეასრულა. მასპინძელთა შორის 13 ქულით ყველაზე შედეგიანი ლუკა გიორგაძე იყო. მისი თანაგუნდელებიდან 12 ქულითა და ამდენივე მოხსნით ორმაგი დუბლის ავტორი გიორგი კორსანტია გახდა.
თსუ "ჰიუნდაი“ – „დელტა“ 62:64
(9:13, 18:21, 16:12, 19:18)