საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია “გოლდენ სტეიტს” ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რამდენიმე შეხვედრაში ვერ დაეხმარება. ქართველ კალათბურთელმა “პორტლენდთან” მოგებულ მატჩში (113:111) მარჯვენა მხრის ტრავმა მიიღო - თამაშის დასრულებამდე 4 წუთით ადრე, ბურთის ჩაჭრისას ფაჩულიას მეტოქე დაეჯახა.
რამდენხანს გაგრძელდება მკურნალობის პროცესი, ჯერჯერობით უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, ზაზას შესაძლოა რამდენიმე კვირა გაუცდეს.
ფაჩულია “პორტლენდთან” შეხვედრაში შესანიშნავად გაისარჯა - პარკეტზე გატარებულ 24 წუთში 14 ქულა, 5 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 2 პასი დააგროვა. “გოლდენ სტეიტი” უახლოეს მატჩს ხვალ, თბილისის დროით გამთენიისას, “შარლოტთან” გამართავს.