სხვა

15:02 | 1.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი მეძმარიაშვილი: "სპორტულმა სამყარომ მხარი მე დამიჭირა”

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ირაკლი მეძმარიაშვილმა ჟურნალისტებს ის დოკუმენტები წარუდგინა, რომელთა გამოც საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

პრესკონფერენციაზე, რომელსაც მეძმარიაშვილის გუნდის წევრები და ადვოკატი როინ მიგრიაული დაესწრნენ, 2016 წლის 23 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში წაგებულმა კანდიდატმა შედეგის გაუქმება და სამართლიანი არჩევნების ჩატარება მოითხოვა.

"სიმართლე აუცილებლად უნდა გაირკვეს. თუ სასამართლო დაადასტურებს იმ დარღვევებს, რომლებიც მივაწოდეთ, კიდევ ერთი არჩევნები გარდაუვალი იქნება. ვფიქრობ, ამის შემდეგ, მოწინააღმდეგე მხარემ მასში მონაწილეობა საერთოდ არ უნდა მიიღოს. მე კი აუცილებლად მივიღებ“ – განაცხადა ირაკლი მეძმარიაშვილმა და იქვე დასძინა, რომ ის 57 ხმა, რომელიც მან მიიღო, სპორტის ოლიმპიური სახეობების ფედერაციებიდან იყო და სპორტულმა სამყარომ ლერი ხაბელოვს მხარი არ დაუჭირა.

ადვოკატ როინ მიგრიაულის განცხადების თანახმად კი, უნდა გადამოწმდეს, რამდენად სამართლიანად მიიღო რამდენიმე სუბიექტმა არჩევნებში მონაწილეობა და შეეძლოთ თუ არა მთელ რიგ დელეგატებს რეალურად ხმის მიცემა.

შეოკ-ის საქმესთან დაკავშირებით სასამართლომ უახლოესი ოცი დღის ვადაში უნდა იმსჯელოს.

შეგახსენებთ, ერთი თვის წინანდელ არჩევნებში ხმის უფლების მქონე 135 დელეგატიდან 78-მა მხარი ლერი ხაბელოვის კანდიდატურას დაუჭირა, ხოლო 57-მა ირაკლი მეძმარიაშვილს. ახლახან კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ შუალედური გადაწყვეტილება მიიღო, მას შემდეგ, რაც მეძმარიაშვილის სარჩელი განიხილა.

0.116753