2010-2013 წლებში ქართველი სპორტსმენების მიერ დოპინგის გამოყენების 15 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ საქართველოს ეროვნულმა ანტი-დოპინგურმა სააგენტომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ოფიციალურად აცნობა.
აღნიშნულ პერიოდში აკრძალული პრეპარატების გამოყენება დაუმტკიცდათ ძიუდოისტებს ირაკლი ცირეკიძეს (6-თვიანი დისკვალიფიკაცია) და თენგიზ პოპიაშვილს (2-წლიანი დისკვალიფიკაცია), მორაგბე მიხეილ სუჯაშვილს (2 წელი), ბირთვის მკვრელ ბენიკ აბრამიანს (2 წელი), მოჭიდავე ბესარიონ გოჩაშვილს (2 წელი), ძალისმიერ სამჭიდში შოთა ომარაშვილს და გიორგი შეყლაშვილს (ორივეს – 2-წლიანი დისკვალიფიკაცია), მკლავჭიდელებს ირაკლი გამთენაძეს, მერაბ კაკაბაძეს და გენადი კვიკვინიას (სამივეს – 2-წლიანი დისკვალიფიკაცია), ძალოსნებს დავით გოგიას, რაულ ცირეკიძეს, ლაშა ტალახაძეს და შოთა მიშველაძეს (ოთხივეს დროებითი დისკვალიფიკაცია მიესაჯა).
ძალოსანთა ნაკრების წევრების დოპინგ-ტესტის დადებით შედეგებთან დაკავშირებით, საქართველოს ძალოსნობის ეროვნულ ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა შედგა, რის შემდეგაც კომიტეტის წევრებმა სპორტსმენების და მწვრთნელების ახსნა-განმარტებითი ბარათები მიიღეს.
აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის ოქმში აღნიშნულია, რომ ძალოსანთა მწვრთნელები არ გაურბიან პასუხისმგებლობას და მზად არიან დაემორჩილონ აღმასკომის გადაწყვეტილებას.
ამავდროულად, საქართველოს ძალოსნობის ეროვნულ ფედერაციაში არ შესულა წერილობითი მოთხოვნა დოპინგ-ტესტზე ჩავარდილ სპორტსმენთა B სინჯის გახსნაზე, რაც მიუთითებს, რომ ისინი ეთანხმებიან მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს და ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მიღებულ დასკვნას.
საქართველოს ძალოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ საერთაშორისო ფედერაციის მხრიდან გამოტანილი ყველა ვალდებულების შესრულება და სპორტსმენთა მიმართ სანქციების გატარება იკისრა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური