“თქვენ ირჩევთ” – WORLDSPORT.GE-ს ტრადიციული, ყოველთვიური გამოკითხვა გრძელდება, რომელშიც ჩვენი მკითხველი თვის საუკეთესო ფეხბურთელს ირჩევს. როგორც ყოველთვის აღნიშნული გამოკითხვა ჩვენს ვებგვერდზე მომდევნო სამი დღის განმავლობაში განთავსდება და ხმის მიცემა ნებისმიერ ადამიანს შეეძლება. თუმცა, მხოლოდ ერთხელ, ერთ სასურველ კანდიდატზე.
აქვე შეგახსენებთ, რომ “თქვენ ირჩევთ” სექტემბრიდან იღებს სათავეს. ჩამოგითვლით წინა გამარჯვებულებს:
ჯანო ანანიძე (სექტემბერში), ვაკო გვილია (ოქტომბერში), თორნიკე ოქრიაშვილი (ნოემბერში), ლევან მჭედლიძე (დეკემბერში).
ახლა კი, იანვრის თვის ნომინანტებზე გადავიდეთ. თავიდანვე გეტყვით, რომ დიდი არჩევანი არ გვქონია, რადგან გუნდები ძირითადად წინასასეზონო მზადების პროცესში არიან და შესაბამისად, ამხანაგური მატჩებიდან ვინმეს გამორჩევა ძნელია. თუმცა, ოთხი კანდიდატი მაინც გვყავს, რომელთაც იანვარი მართლაც წარმატებული გამოუვიდათ და ქართველი გულშემატკივარი კარგი თამაშით გაახარეს.
მაშ ასე, იანვრის თვის ნომინანტთა სია ასეთია, ხოლო ჯერი თქვენზეა – “თქვენ ირჩევთ”.
გიორგი მაკარიძე (“მორეირენსე”, პორტუგალია) – შეიძლება ითქვას, დიდებული თვე ჰქონდა გიორგი მაკარიძეს. სხვა თუ არაფერი, 26 წლის მეკარემ კარიერაში პირველი ტიტული მოიგო – პორტუგალიის ლიგის თასი. აღნიშნული ჯილდო “მორეირენსეს” ისტორიაშიც სადებიუტო აღმოჩნდა. ლიგის თასზე იანვარში “მორეირენსემ” სამი შეხვედრა ჩაატარა “პორტუს”, “ბენფიკასა” და “ბრაგას” წინააღმდეგ და სამივე გამარჯვებით დაასრულა. ხსენებულ მატჩებში დიდებულად ითამაშა მაკარიძემ და მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამივე თამაშში იგი საუკეთესო იყო. გარდა ამისა, გამორჩეული შეხვედრა ჰქონდა პრიმეირა ლიგაშიც “პასუშ დე ფერერიას” წინააღმდეგ, სადაც მან პენალტი მოიგერია და ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. მთლიანობაში გიორგიმ იანვარში 6 თამაში ჩაატარა და მხოლოდ 4 გოლი გაუშვა.
ლევან მჭედლიძე (“ემპოლი”, იტალია) – ლევანი დეკემბერში ჩვენი გამოკითხვის გამარჯვებულია. მკითხველმა მჭედლიძეს უპირატესობა ერთხმად მიანიჭა. ქართველ ფორვარდს 2017 წლის პირველი თვეც ჩინებული გამოუვიდა – 4 თამაში, 2 გოლი. “ემპოლის” ლეგიონერმა “უდინეზესა” და “კროტონეს” გაუტანა. გარდა ამისა, “პალერმოსთან” მატჩში მასიმო მაკარონეს ისეთი პასი გაუკეთა, საგოლე გადაცემა რომ შეგვიძლია დავარქვათ. გარდა ამისა, “სამპდორიასთან” შეხვედრაში უკვე თვითონ მოიპოვა თერთმეტრიანი, რომელიც თავადვე შეასრულა, თუმცა სამწუხაროდ გენუელთა მეკარეს ვერ აჯობა. მიუხედავად ამისა, იანვარში იგი მაინც კარგად გაისარჯა. ხუმრობა საქმე ხომ არაა, იტალიის მთავარ ლიგაში ზედიზედ ორ მატჩში გოლის გატანა.
ნიკა კაჭარავა (“ეთნიკოსი”, კვიპროსი) – სიმართლე რომ ვთქვათ, კაჭარავას დეკემბერი გაცილებით კარგი გამოუვიდა. თუმცა, ახალი თვეც ჩინებულად დაიწყო – “ომონიასა” და “ერმისს” მიჯრით გაუტანა. თუმცა, შემდგომ მშრალი სერია ჰქონდა ზედიზედ სამ შეხვედრაში “დოქსასა” და “ომონიასთან” სათასო ორ დაპირისპირებაში. იანვრის თვის ბოლო მატჩში კი, რომელიც “ეთნიკოსმა” ნიქოზიის “აპოელის” წინააღმდეგ გამართა, ნიკა ტრავმის გამო 90 წუთი სათადარიგო სკამზე დარჩა. ასეთი რამ კი, მიმდინარე სეზონში პირველად მოხდა.
გურამ კაშია (“ვიტესი”, ჰოლანდია) – წარმატებული თვე ჰქონდა გურამ კაშიას. “ვიტესის” კაპიტანმა მთლიანობაში 4 შეხვედრა ჩაატარა, რომლებშიც ერთ გოლსა და ორ საგოლე გადაცემას გამორჩა. გურამმა გოლი ჰოლანდიის თასზე როტერდამის “ფეიენოორდს” გაუტანა და საკუთარ გუნდს ნახევარფინალისკენ წარუძღვა. ერედივიზიონში კი, საგოლე გადაცემები “ტვენტესთან” და “ალკმაართან” შეასრულა. იმავე “აზთან” მატჩში კაშიამ ავტოგოლიც მიითვალა, მაგრამ “ვიტესმა” 2:1 მაინც მოიგო. იანვარში ერთხელ ერედივიზიონის ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.