საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიღებული განჩინება გაასაჩივრა. ამის შესახებ განცხადება დღეს, სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და კომიტეტის ადვოკატებმა გააკეთეს.
"ოლიმპიური კომიტეტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და ყველა ვალდებულებას ასრულებს, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე მხარე ცდილობს სრულიად უსაფუძვლო ბრალდებებით ჩრდილი მიაყენოს სეოკ-ის რეპუტაციას. ყველა ამ ბრალდებას და ცილისწამებას მალე გაეცემა პასუხი და, დარწმუნებულნი ვართ, ეს ასევე დადასტურდება სასამართლოს მომდევნო გადაწყვეტილებებით. ჩვენ ხელთ გვაქვს ყველა დოკუმენტი, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ საარჩევნო პროცესის სრულ შესაბამისობას მოქმედ წესდებასთან. ამ წესდების თითოეული მუხლი, თითოეული ჩანაწერი, დადგენილი წესის შესაბამისად, დამტკიცებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ" - განაცხადა ლერი ხაბელოვმა.
ადვოკატ ირაკლი ყანდაშვილის სიტყვებით, სეოკ-ის საჩივარში დეტალურადაა განმარტებული ის გარემოებები, რომლებზე დაყრდობითაც სასამართლოს ყველა საფუძველი აქვს საიმისოდ, რომ ხელახლა შეაფასოს ოლიმპიური მოძრაობისთვის მიყენებული ზიანისა და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების რისკის თანაფარდობა და მიიღოს მართლზომიერი გადაწყვეტილება - გააუქმოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
„სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებით თუ მისი გამოყენების გარეშე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი და აღმასკომის წევრთა მნიშვნელოვანი უმრავლესობა რჩება უცვლელი და უფლებამოსილი. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით ზიანი ადგება მხოლოდ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საქმიანობას და მთლიანად ქართულ სპორტს.
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას თანაბარწილად უნდა იქნეს დაცული როგორც მოსარჩელის, ასევე მოპასუხის ინტერესები და ამ უკანასკნელისათვის რაიმე სახის უფლების შესაზღუდად, თუნდაც სასამართლოში დავის არსებობის დროს, შესაბამისი დასაბუთების, საკმარისი საფუძვლისა და გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე, დაუშვებელია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. სასამართლო ვალდებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას არ გასცდეს მხარეთა ორმხრივი ინტერესების დაცვის მოთხოვნას და გაუმართლებელი ზიანი არ მიაყენოს მოპასუხის ინტერესს, რისი ნიშნები ამ ეტაპზე სახეზეა და ეს უნდა გამოსწორდეს" - აღნიშნა ირაკლი ყანდაშვილმა.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ახლახან, სეოკ-ის ერთი თვის წინანდელი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ შუალედური გადაწყვეტილება მიიღო, მას შემდეგ, რაც დამარცხებული კანდიდატის – ირაკლი მეძმარიაშვილის სარჩელი განიხილა. მეძმარიაშვილს განცხადებით, ხმის უფლებით მოსარგებლე დელეგატთა ნაწილს იურიდიულად არ ჰქონდა ამის უფლება, მაგრამ ამ დარღვევის შესახებ მან არჩევნებამდე არაფერი იცოდა.