საქართველოს 76-ე ეროვნული ჩემპიონატი ჭადრაკში ვაჟთა შორის, რომელსაც ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლე მასპინძლობდა, ლუკა პაიჭაძის გამარჯვებით დასრულდა. რუსთაველმა საერთაშორისო დიდოსტატმა 5,5 ქულით პირველი ადგილი და მთავარი პრიზი მოიპოვა. ასეთი წარმატება პირველია მის კარიერაში.
ტურნირი, რომელშიც 10 სპორტსმენი ჩაება, შვეიცარიული სისტემით , 9 ტურად ჩატარდა. 4 ტურის შემდეგ ჩემპიონატს ავადმყოფობის გამო საერთაშორისო დიდოსტატი კონსტანტინე შანავა გამოაკლდა.
ჩემპიონის ვინაობა ბოლო ტურში გაირკვა. ერთპიროვნულმა ლიდერმა ლუკა პაიჭაძემ დასკვნითი შეხვედრა გიგა ყუფარაძესთან ყაიმით დაასრულა, 5,5 ქულა დააგროვა და მეტოქეთათვის მიუწვდომელი გახდა. მართალია, მისი კონკურენტებიდან ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს დავით ჯოჯუას შეეძლო გამარჯვების შემთხვევაში დაწეოდა , მაგრამ უკეთესი კოეფიციენტით პირველ ადგილზე მაინც პაიჭაძე გადიოდა.
ჯოჯუამ მართლაც შეძლო გამარჯვების მოპოვება, მაგრამ მას ვერცხლის მედალი ერგო.
მესამე ადგილზე პრეტენზიას მიხეილ მჭედლიშვილი და თორნიკე სანიკიძე აცხადებდნენ, რომლებიც ბოლო ტურში ერთმანეთს ხვდებოდნენ. მჭედლიშვილმა შეძლო საჭირო 0,5 ქულის მოპოვება და მესამე ადგილზე გავიდა. რაც შეეხება სანიკიძეს, მან 4 ქულა დააგროვა და მეოთხე საპრიზო ადგილზე გავიდა.
ამრიგად, პირველ-მეოთხე ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს შესაბამისად 7500, 6000, 4500 და 2500 ლარი გადაეცათ, რაც ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით დაიბეგრება.
საქართველოს ჩემპიონი გახდა ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატი. პირველ-მესამე ადგილზე გასულმა მოჭადრაკეებმა მოიპოვეს საქართველოს 77-ე ეროვნულ ჩემპიონატში კონკურსგარეშე მონაწილეობის უფლება. ამავდროულად, ფედერაცია ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატში მათ მონაწილეობისას დააფინანსებს.
ბოლო ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:
მიხეილ მჭედლიშვილი - თორნიკე სანიკიძე 0,5:0,5
ირაკლი ბერაძე - ლევან ფანცულაია 1:0
გიგა ყუფარაძე - ლუკა პაიჭაძე 0,5:0,5
დავით ჯოჯუა - დავით არუთინიანი 1:0
საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:
1. ლუკა პაიჭაძე 5,5
2. დავით ჯოჯუა 5,5
3. მიხეილ მჭედლიშვილი 4,5
4. თორნიკე სანიკიძე 4,0
5. ირაკლი ბერაძე 3,5
6. გიგა ყუფარაძე 3,5
7. დავით არუთინიანი 3,5
8. ლევან ფანცულაია 3,0
9. მერაბ გაგუნაშვილი 3,0
10. კონსტანტინე შანავა 0