ფეხბურთი

10:00 | 30.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მჭედლიძე - 43 დღეში დამყარებული პირადი რეკორდი

ლევან მჭედლიძეს კარიერაში საუკეთესო პერიოდი უდგას და ამის თქმა თამამად შეიძლება. “ემპოლის” ქართველმა ფორვარდმა იტალიის სერია A-ში გატანილი გოლების მხრივ პირადი რეკორდი დაამყარა და ამის გასაკეთებლად სულ რაღაც 43 დღე დასჭირდა. დიახ, სწორედ ზემოხსენებულ პერიოდში მოახერხა ლევანმა 5 გოლის გატანა, რაც მის კარიერაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აქამდე ყველაზე მეტი, 4 გოლი მას 2014-2015 წლების სეზონში ჰქონდა გატანილი.

წლეულს მჭედლიძემ პირადი ანგარიში 2016 წლის 17 დეკემბერს გახსნა, როდესაც “კალიარი” დაამწუხრა. იმავე მატჩში მან დუბლი გაიფორმა. შემდგომ კი, “ატალანტას”, “უდინეზესა” და “კროტონესაც” გაუტანა. აქვე გეტყვით, რომ ხსენებულ 43 დღეში “ემპოლიმ” 6 მატჩი ჩაატარა და ამდენივე გოლი გაიტანა. როგორც ხედავთ, აქედან ხუთი ქართველის ანგარიშზეა. ის ერთი კი, “პალერმოს” წინააღმდეგ მასიმო მაკარონემ შეაგდო პენალტით და ის თერთმეტრიანიც დიდწილად ჩვენებურის დამსახურებით დაინიშნა.

შეიძლებოდა 26 წლის ქართველი ფორვარდის მონაგარი უფრო კარგი ყოფილიყო, 2 კვირის წინ, “სამპდორიასთან” თავისივე მოპოვებული თერთმეტრიანი რომ გაეტანა. ისე კი, მჭედლიძემ ტოსკანელთა ძირითად შემადგენლობაში უკვე მიჯრით 7 შეხვედრაა ხვდება, რაც კარიერაში ასევე პირველად მოხდა.

გამოჩნდა, რომ ლევანს თუ ჯანმრთელობა ხელს შეუწყობს ფეხბურთის თამაში და გოლების გატანა შეუძლია. თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ კალჩოში თავის გამოჩენა ადვილი სულაც არაა. სხვათა შორის, მჭედლიძის ბოლოდროინდელი წარმატებული ათამაშების შემდგომ იტალიაში ბევრი იხსენებს 2012 წლის 8 ივნისს, როდესაც “ემპოლი” სერია B-ს საპლეი-აუთო შეხვედრას “ვიჩენცასთან” ატარებდა, მაშინ პირველი მატჩი 0:0 დასრულებულიყო, ხოლო “კარლო კასტელანიზე” 0:2 აგებდა. 65-ე წუთზე მოედანზე მჭედლიძე გამოჩნდა და რვა წუთში სხვაობა შეამცირა, დარჩენილ დროში კი, მასპინძლებმა ორი გოლი გაიტანეს, შეხვედრა მოიგეს და ლეგა პროში დაქვეითებას გადაურჩნენ. ჰოდა, ბევრი იმასაც ამბობს, “ემპოლი” დღეს სერია A-ში რომ თამაშობს, დიდწილად ზემოხსენებული გოლის დამსახურებაა.

ამჟამად, მჭედლიძის ანგარიშზე სერია A-ში ჯამში 10 გოლია, რომლებიც შემდეგ თამაშებსა და სეზონებზე მოდის:

“იუვენტუსი” – “პალერმო” 1:2 (2008-2009 წლების სეზონი), “ემპოლი” – “სასუოლო” 3:1 (2014-2015), “ემპოლი” – “ფიორენტინა” 2:3 (2014-2015), “ინტერი” – “პალერმო” 4:3 (დუბლი, 2014-2015), “ემპოლი” – “კალიარი” 2:0 (დუბლი, 2016-2017), “ატალანტა” – “ემპოლი” 2:1 (2016-2017), “ემპოლი” – “უდინეზე” 1:0 (2016-2017), “კროტონე” – “ემპოლი” 4:1 (2016-2017).

როგორც შეამჩნევდით, ქართველმა შემტევმა ზუსტად იმავე რაოდენობის გოლების გატანას, რაც მანამდე ჰქონდა ჯამში გატანილი სერია A-ში, ახლა უკვე მხოლოდ 43 დღე და 6 თამაში მოანდომა. რაც სამომავლოდ უდაოდ უფრო მეტის იმედს აჩენს...

0.124742