საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრების ნატურალიზირებულმა გამთამაშებელმა მაიკლ დიქსონმა საბერძნეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში, "ლავრიოსთან" სტუმრად ჩატარებულ მატჩში აეკ-ის გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა და 17 ქულით ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ.
დიქსონმა მოედანზე 21:38 წუთი გაატარა და ამ ხნის განმავლობაში 4-დან 2 სამქულიანი, 6-დან 4 ორქულიანი და 3-დან სამივე საჯარიმო ჩააგდო. ასევე მაიკლმა 3 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
ათენული გუნდი ჩემპიონატში 12 მოგებით და 3 წაგებით კვლავ მესამე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას დიქსონის გუნდი შინ "კიმისთან" 4 თებერვალს ჩაატარებს.