ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტ უოირიორსმა” შინ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ლოს ანჯელეს “კლიპერსი” 144:98 გაანადგურა. ზაზა ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 16 წუთი დაჰყო. ამ დროში ფაჩულიამ გუნდს 4 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და ერთი ჩაჭრა შესძინა. ქართველმა ცენტრმა 3-დან ორი ორქულიანი გამოიყენა.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას “მეომრებმა” მეტოქე ოთხივე პერიოდში დამაჯერებლად დაამარცხეს. მატჩში ყველაზე მეტი 43 ქულა სტეფ კარის ანგარიშზეა, რომელმაც 9 მოხსნა და 6 პასიც გააკეთა. კარიმ 15-დან 9 სამქულიანი ჩააგდო, 8-დან 6 ორქულიანი და 4-დან ოთხი საჯარიმო სროლა გამოიყენა. დურანტის ანგარიშზე 23 ქულაა, ხოლო “კლიპერსში” 20 ქულით ბლეიკ გრიფინი გამოირჩა.
“ოქროს შტატელები” 40 მოგებით და 7 მარცხით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობენ, “კლიპერსი” ამავე კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა.
მომდევნო შეხვედრაში “მეომრები” გასვლაზე “პორტლენდს” შეხვდებიან, მატჩი 30 იანვარს თბილისის დროით 06:00 საათზე დაიწყება.