სერენა უილიამსმა ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში უფროსი და ვენუსი ორ სეტში 6:4, 6:4 დაამარცხა, კარიერაში 23-ე დიდი სლემის ტურნირი მოიგო და ამ მაჩვენებლით რეკორდსმენი გახდა. 35 წლის ამერიკელმა შტეფი გრაფის შედეგი გააუმჯობესა.
გერმანელმა ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა 22-ე დიდი სლემი 1999 წელს მოიგო. სერენამ გრაფის შედეგი გასული წელს უიმბლდონის ტურნირზე გაიმეორა. ასევე, ავსტრალიაში მოპოვებული გამარჯვებით ამერიკელმა მსოფლიოს რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა. მე-17 ნომერი ვენუსი კი ფინალში მარცხის მიუხედავად საუკეთესო ათეულში დაბრუნდება.
სერენამ ავსტრალიის ღია პირველობა მეშვიდედ მოიგო, ამდენივე გამარჯვება აქვს უიმბლდონის ტურნირზე, შინაურ კედლებში ამერიკის ღია პირველობაზე 6-ჯერ იმარჯვა, ხოლო ყველაზე ნაკლები გამარჯვება საფრანგეთის ღია ტურნირზე აქვს მოპოვებული. უილიამსს დიდი სლემის ტურნირზე 316-ე გამარჯვება მოუგროვდა და თავისივე რეკორდი გააუმჯობესა.
ურთიერთშეხვედრებში სერენა ვენუსს 17:11 უგებს, ხოლო დიდ სლემზე 7:2-ს ამარცხებს. უფროსმა უილიამსმა და 2001 წლის ამერიკის ღია პირველობასა და 2008 წლის უიმბლდონზე დაამარცხა.