სხვა

23:05 | 26.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლერი ხაბელოვი: "ბრალდება აბსოლუტურად უსაფუძვლოა”

"წაგებული ადამიანი ყოველთვის ცდილობს, იპოვოს წარუმატებლობის მიზეზი. მე სპორტსმენი ვიყავი და კარგად ვიცი, რა არის წაგება. ბევრი ადამიანი კი მარცხს ვერ ეგუება და ირაკლი მეძმარიაშვილსაც ეს დაემართა. არარსებულ მიზეზებს ეძებს“ – განაცხადა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა თბილისის საქალაქო სასამართლოსგან განჩინების მიღების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

სასამართლოს შუალედური გადაწყვეტილებით, 2016 წლის 23 დეკემბერს გამართული სეოკ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ბათილად გამოცხადდა. საქმის განხილვა წაგებული პრეზიდენტობის კანდიდატის – ირაკლი მეძმარიაშვილის სარჩელის საფუძველზე დაიწყო. მეძმარიაშვილს არჩევნებში, ხმის უფლების მქონე 135 დელეგატიდან მხარი 57-მა დაუჭირა. პრეზიდენტი კი მეორე ვადით ლერი ხაბელოვი გახდა, 78 ხმით.

"ცოტა ხნის წინ მივიღეთ სასამართლოს განჩინება, რომლის თანახმადაც, სეოკ-ის იმერეთის, ქვემო ქართლისა და აფხაზეთის რეგიონალური ორგანიზაციები, საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი და სეოკ-ის სპორტსმენთა კომისია რეესტრში არ იყვნენ დარეგისტრირებულები და მათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდათ. ეს ასე არაა და ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც არსებობს. უკვე ჩავრთეთ საქმეში იურისტები და დავამტკიცებთ, რომ ბრალდება აბსოლუტურად უსაფუძვლოა" – დასძინა ხაბელოვმა.

0.113535