სხვა

12:56 | 26.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

სეოკ-ში ოფიციალურ დოკუმენტს ელიან

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაბათილების შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალური დოკუმენტი ჯერ არ მიუღიათ. სავარაუდოდ, მისი მიღების შემდეგ გავრცელდება ინფორმაცია, სეოკ-ის უფლებამოსილებაშეჩერებული ხელმძღვანელობის მოქმედების სამომავლო გეგმის შესახებ.

ამ საკითხთან დაკავშირებით, სეიკ-მა ოფიციალურ ვებ-გვერდზე განცხადებაც გაავრცელა, რომელსაც აქვე გთავაზობთ:

"2017 წლის 25 იანვარს ტელეკომპანია "რუსთავი-2-"მა გაავრცელა ინფორმაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინების შესახებ, რომლის მიხედვითაც ეჭქვეშ არის დაყენებული 2016 წლის 23 დეკემბერს გამართული სეოკ-ის საანგარიშო-საარჩევნო სესიის გადაწყვეტილებები. ამავე ინფორმაციიდან ირკვევა, რომ საქმე წარიმართა სეოკ-ის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ირაკლი მეძმარიაშვილის სარჩელის საფუძველზე.

შეგახსენებთ, რომ ბატონმა მეძმარიაშვილმა სესიის დასრულებისთანავე განაცხადა არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარების თაობაზე და გამარჯვებულ კანდიდატს საჯაროდ მიულოცა წარმატება.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი აცხადებს, რომ სასამართლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ არც შეტყობინება და არც სასამართლოს განჩინება ამ დრომდე არ მიუღია.

როგორც კი ჩვენთვის ოფიციალურად ხელმისაწვდომი გახდება სასამართლოს მასალები, სეოკ-ი მედიისთვის გააკეთებს დამატებით კომენტარს”.

ირაკლი მეძმარიაშვილის განცხადების თანახმად კი, ხმის უფლებით მოსარგებლე დელეგატთა ნაწილს იურიდიულად არ ჰქონდა ამის უფლება, მაგრამ ამ დარღვევის შესახებ მან არჩევნებამდე არაფერი იცოდა.

შეგახსენებთ, სეოკ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის უფლების მქონე 135 დელეგატიდან 78-მა მხარი ლერი ხაბელოვს დაუჭირა, ხოლო 57-მა - ირაკლი მეძმარიაშვილს.

0.121335