ძიუდო

20:14 | 25.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ახალი ქართული ტურნირი ახალი საერთაშორისო წესებით

საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ქვეყნის მეორე დონის ჩემპიონატს ჩაატარებს. 1 თებერვალს, თბილისში, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში, ტატამზე მხოლოდ ის ძიუდოისტები გავლენ, რომლებმაც საქართველოს შარშანდელ პირველობაზე მონაწილეობა მიიღეს, მაგრამ საპრიზო სამეულს მიღმა დარჩნენ.

ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დებულების თანახმად, საქართველოს შარშანდელი ჩემპიონატის მონაწილე სპორტსმენებს უფლება აქვთ, შეიცვალონ წონითი კატეგორია, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზედა წონებში გამოვლენ.

კენჭისყრა აწონვის დღეს – 31 იანვარს გაიმართება. 1 თებერვალს კი ჩემპიონ-პრიზიორები შვიდივე წონით კატეგორიაში (60, 66, 73, 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში) გამოვლინდებიან. შეჯიბრება ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ახალი წესების მიხედვით ჩატარდება. შეხვედრის ხანგრძლივობა 4 წუთი იქნება. დამატებით დროში კი ჭიდაობა ოქროს ქულამდე გაგრძელდება.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის გადაწყვეტილებით, ამჯერად რეპეშაჟის წესი არ იმოქმედებს და მხოლოდ ერთი ბრინჯაოს პრიზიორი გამოვლინდება, მას შემდეგ, რაც ნახევარფინალში წაგებული ძიუდოისტები ერთმანეთს დაეჭიდებიან.

საქართველოს მეორე დონის ჩემპიონატის ჩატარების ერთ-ერთი მიზანია ქვეყანაში ძიუდოს მასობრიობის გაზრდა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. ამასთან, საქართველოს 2017 წლის საკლუბო ჩემპიონატისთვის გუნდები სწორედ მომავალი შეჯიბრების გამარჯვებული სპორტსმენებით დაკომპლექტდება.

თეგებიძიუდო
0.113985