ჩოგბურთი

19:50 | 25.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნადალმა თავდაჯერებულად ითამაშა, დიმიტროვი წელს დაუმარცხებელია

მსოფლიოს ნომერ მეცხრე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალში, ტურნირის ერთ-ერთი ლიდერი მილოშ რაონიჩი საკმაოდ იოლად 2 საათსა და 46 წუთში 6:4, 7:6, 6:4 დაამარცხა.

ესპანელმა ჩოგბურთელმა ბრისბენში, 6 იანვარს წაგებული მატჩის გამო, სერბული ფესვების მქონე მოთამაშეს რევანში აუღო და 2014 წლის საფრანგეთის ღია პირველობის შემდეგ, დიდი სლემის ნახევარფინალში პირველად გავიდა, კარიერის განმავლობაში კი - 24-ედ.

"ეს უკვე კარგის მანიშნებელია, როდესაც ამარცხებ ისეთ ძლიერ მოთამაშეებს, როგორებიც არიან გაელ მონფისი, ალექსანდრ ზვერევი და ახლა უკვე რაონიჩი. აღნიშნული პიროვნებები ტოპ მოთამაშეები არიან და ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. აქ იმისთვის ვარ, რომ გავიმარჯვო, რთული იქნება, თუმცა მიზნის მისაღწევად ვიშრომებ და ვიბრძოლებ." - განაცხადა ნადალმა მატჩის შემდეგ.

30 წლის ჩოგბურთელმა კანადელთან ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა (7:2) გაზარდა. ესპანელის მიზანი რაონიჩის მოწოდებების განეიტრალება იყო, რადგან მილოში ეისებით გამოირჩევა. მსოფლიოს რეიტინგის მესამე ნომრის ყოფილი მწვრთნელი კარლოს მოია, რომელიც ერთ დროს პირველი ნომერი იყო, ახლა ნადალს წვრთნის. სავარაუდოდ, ამან უფრო განაპირობა რაფას ტაქტიკური თამაში და რაონიჩმა მთელ შეხვედრაში მხოლოდ 14 აუღებელი დარტყმა შეასრულა, ხოლო ნადალმა - 4. ბრისბენის ტურნირზე მილოშს 23 ეისი ჰქონდა შესრულებული.

ნადალმა მონფისის დამარცხების შემდეგ თქვა, რაონიჩთან მატჩის დროს ჩემ მოწოდებაზე უნდა ვიფიქრო და შანსს დაველოდოო. მართლაც პირველ სეტში მეშვიდე გეიმზე რაონიჩი დაბრეიკდა და რაფამ საქმე ბოლომდე მიიყვანა. მეორე სეტი ტაიბრეიკამდე მივიდა და დაძაბულ ბრძოლაში ნადალმა 9:7 იმარჯვა. მესამე სეტში კი ესპანელი იმდენად თავდაჯერებული იყო, საკუთარ მოწოდებაზე მეტოქეს სამი ქულა ერთხელაც არ ააღებინა, ხოლო ბოლოს თავისი გეიმზე და მეტოქის გეიმზე ზედიზედ 6 ქულა აიღო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც გრიგორ დიმიტროვს შეხვდება.

ბულგარელმა, მსოფლიოს მე-15 ჩოგანმა მე-11 ნომერი დავიდ გოფინი სამ სეტში 6:3, 6:2, 6:4 დაამარცხა და 2014 წლის შემდეგ დიდი სლემის ნახევარფინალში პირველად გავიდა. მიმდინარე წელს კი გრიგორმა წაგება არ იცის რა ხილია. 25 წლის მოთამაშემ წელს ათი თამაში მოიგო. მსგავსი შედეგი გროგორს 2014 წელს ჰქონდა, სადაც უიმბლდონის ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩთან ჯახში მოგებათა სერია შეწყვიტა. გოფინს კი შანსი ჰქონდა ქსავიე მალისეს შემდეგ გამხდარიყო პირველი ბელგიელი, რომელიც დიდი სლემის ნახევარფინალში გავიდოდა.

ბულგარელს რაფასთვის მხოლოდ ერთხელ აქვს მოგებული. 2016 წელს პეკინის ტურნირზე გროგორმა მალიორკელი 6:2, 6:4 დაამარცხა. მანამდე კი დიმიტროვი ესპანელმა ხელოვნურ საფარზე 4-ჯერ, ხოლო თიხის საფარზე 3-ჯერ დაამარცხა. დიდი სლემის ტურნირზე აღნიშნული მოთამაშეები ერთმანეთს ავსტრალიაში სამი წლის წინ შეხვდნენ და მაშინ პირველმა ნომერმა რაფამ 22-ე ნომრად განთესილი დიმიტროვი 3:6, 7:6, 7:6, 6:2 დაამარცხა. ასე რომ, გულშემატკივრებს 27 იანვარს, 12:30 საათიდან საინტერესო თამაში ელით. ერთის მხრივ რაფა ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება, მეორეს მხრივ კი დიმიტროვი თავისი კარგი ფიზიკური მომზადებით და ნაკლები შეცდომებით შეეცდება კარიერის განმავლობაში დიდი სლემის საგზური პირველად მოიპოვოს.

0.185736