გიბრალტარში დაიწყო დიდი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც 250-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს. მათ შორის არიან საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი და ლელა ჯავახიშვილი. გიბრალტარში რამდენიმე ტურნირია დაგეგმილი.
მთავარ ტურნირში ქართველებიც მონაწილეობენ. ამ ასპარეზობაში თითქმის ყველა წამყვანმა მოჭადრაკემ მოიყარა თავი, რომლებიც ვეიკ-ან-ზეეში არ თამაშობდნენ. მათ შორის არიან ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონი ჰოუ იფანი ( ჩინეთი), ბლიცსა და რაპიდში მსოფლიო ჩემპიონი ანა მუზიჩუკი( უკრაინა), მამაკაცებში 800-იანთა კლუბის წევრი ფაბიანო კარუანა ( აშშ) და სხვა.
ქალები და კაცები ერთად თამაშობენ. ძირითად ტურნირში პრიზს 1-15 ადგილზე გასული მოჭადრაკეები მიიღებენ. მთავარი პრიზი 23000 ინგლისური გირვანქა სტერლინგია, ხოლო 13-15 ადგილებზე გასულები კი 1000-1000-ს მიიღებენ.
ქალთა შორის პრიზები ცალკე გათამაშდება 1-12 ადგილზე გასულ მოთამაშეებში. პირველ ადგილზე გასული 15000-ს, ხოლო 11-12 ადგილზე გასულები 500-500 გირვანქა სტერლინგს მიიღებენ.
ტურნირი შვეიცარიული სისტემით, 10 ტურად ჩატარდება და 2 თებერვლამდე გასტანს.
გათამაშდა პირველი ტურის პარტიები. სამივე ქართველმა მოჭადრაკემ მოიგო. ბაციაშვილმა ალან ბირონი(2110, ინგლისი), ჯავახიშვილმა რუიზ ვალენტინ ბეროკალი( 2042, ესპანეთი), ხოლო ხოტენაშვილმა ვილემ ბროკმანი( 1997, ნიდერლანდები) დაამარცხა.
მეორე ტურში ძლიერი მეტოქეები ჰყავთ ბელა ხოტენაშვილსა და ლელა ჯავახიშვილს, რომლებიც შესაბამისად ბონელი ედუარდო იტურიცაგას ( 2652, ვენესუელა) და ივან ჩეპარინოვს ( 2689, ბულგარეთი) ხვდებიან. ზედიზედ მეორე გამარჯვების მოპოვება არ უნდა გაუჭირდეს ნინო ბაციაშვილს, რადგანაც მისი მეტოქე შედარებით სუსტი ბენჯამინ ნიუბერი (1879, აშშ) იქნება.