საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 იანვარს ქართულ ჭიდაობას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის სტატუსი განესაზღვრა.
ტარიელ ხეჩიკაშვილი: „ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ქართული ჭიდაობისთვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის სტატუსის მინიჭების შესახებ ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს შეუწყობს ჭიდაობის პოპულარიზაციას და განვითარებას. გვახარებს ის ფაქტი, რომ სპორტის ეს სახეობა ბევრ ქვეყანაში უკვე ძალიან პოპულარულია, რისი ნათელი დადასტურებაც წლევანდელი ფალავნობაა, რომელშიც მონაწილეობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის არაერთმა სპორტსმენმა მიიღო.
დარწმუნებული ვარ, შემდგომ წლებში ქართული ჭიდაობა კიდევ უფრო პოპულარული გახდება, რადგან ის მოჭიდავეები, რომლებიც ქართულ ჭიდაობას ჭიდაობენ, წარმატებას აღწევენ მსოფლიოს ასპარეზზე, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ოლიმპიურ თამაშებზე. ჩვენის მხრივ გპირდებით, რომ სამინისტრო მაქსიმალურად დაეხმარება სპორტის ამ სახეობის განვითარებას და პოპულარიზაციას".
ქართულ ჭიდაობას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წელს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.
შემდგომი ეტაპი უკვე საერთაშორისო აღიარებაა და შესაძლებელია, ქართული ჭიდაობა სამომავლოდ „იუნესკოს" (გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია) მხრიდან დაფასდეს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებია ქართული ჭიდაობის წლის ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირზე - ფალავნობაზე მონაწილეობას უცხოელი სპორტსმენებიც იღებენ, რაც ქართული ჭიდაობის პოპულარიზაციას უსვამს ხაზს.
ჭიდაობა სპორტის უძველესი სახეობაა, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოში. მისი, როგორც სპორტის ეროვნული სახეობის სიძველეზე მეტყველებს „ალავერდის" კედელზე შესრულებული ჭიდაობის სცენაც. სცენაზე აღბეჭდილი პერსონაჟთა სახეები, სამოსი და მოძრაობის პლასტიკა, ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებს ქართულ ტრადიციულ საჭიდაო ხელოვნებაზე. მსგავსი შეჯიბრება საქართველოში თან სდევდა რელიგიურ დღესასწაულებს. ქართული ჭიდაობა ჩვენი ერის იდენტობის განმსაზღვრელ და თვითმყოფადობის გამოხატულებად იქცა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური