ჩოგბურთი

14:37 | 24.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ერთი ამოსუნთქვით - ფედერერი ნახევარფინალშია (+VIDEO)

მსოფლიოს რეიტინგის მე-17 ნომერმა, შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალში მიშა ზვერევი იოლად 6:1, 7:5, 6:2 დაამარცხა (VIDEO) და ნახევარფინალში სტანისლავ ვავრინკას დაუპირისპირდება.

რუსული წარმოშობის გერმანელმა ჩოგბურთელმა პირველი ნომრის ენდი მარეის დამარცხების შემდეგ სენსაცია ვეღარ მოახდინა. პირველ სეტში ფედერერმა მეტოქის მოწოდებაზე ორჯერ მოიგო. მეორე სეტში კი შვეიცარიელს ცოტა ნერვიულობა მოუწია, რადგან მატჩში მოწოდება პირველად და ბოლოჯერ წააგო. მსოფლიოს რეიტინგის 50-ე ჩოგანი მიშა ზვერევი 3:1 დაწინაურდა, თუმცა კლასმა თავი იჩინა, შვეიცარიელმა მაესტრომ უმალვე უკუბრეიკი გააკეთა, შემდეგ კი მე-11 გეიმზეც მეტოქის მოწოდებაზე იღოჩაღა და 7:5 მოიგო. მესამე სეტში ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად დაღლილმა გერმანელმა ვერაფერი გააკეთა.

შეხვედრის განმავლობაში ფედერერმა თავისი ელეგანტური თამაშის წყალობით გულშემატკივრების ოვაციები ბევრჯერ დაიმსახურა და ქულა გათამაშებებიდან 65-ჯერ მოიპოვა, 35-ჯერ მეტი ზვერევზე. მეტოქეებს შეცდომები თანაბრად ჰქონდათ (13-13). ფედერერის აქტიური თამაშის წყალობით გერმანელმა ბადეს ბურთი ბევჯერ გაარტყა და მარეისთან თამაშისგან განსხვავებით, ბადესთან თამაშისას ისე ეფექტურად ვერ იღებდა ქულას.

აღიშნული შედეგი მოსალოდნელი გახლდათ. ჩოგბურთელებს შორის შეხვედრა აქამდე ორჯერ გაიმართა და ორჯერვე ფედერერმა იოლად იმარჯვა. როჯერი დიდი სლემის ნახევარფინალში 41-ედ გავიდა, ხოლო ავსტრალიის ღია პირველობაზე მეცემატედ. აღნიშნული ტურნირი ფედერერს 4-ჯერ აქვს მოგებული, მატჩებს რაც შეეხება 85-ე მოიგო, ხოლო 13 შეხვედრაში დამარცხდა.

ასევე, 35 წლის როჯერ ფედერერი ჯიმი კონორსის შემდეგ გახდა ყველაზე ხანდაზმული ჩოგბურთელი, რომელიც დიდი სლემის ნახევარფინალში გავიდა. აშშ-ს ღია ჩემპიონატზე ჯიმი კონორსი 1991 წელს 39 წლის და 6 დღის იყო.

ნახევარფინალში ფედერერი ვავრინკას შეხვდება, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში ანგარიში როჯერის სასარგებლოდ 18:3-ზეა.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ 2002 წელს პიტ სამპრასმა თავისი ბოლო დიდი სლემი ამერიკაში მოიგო და მაშინ ბერძნული წარმომავლობის მოთამაშეც რეიტინგში ფედერერის მსგავსად მე-17 ნომერი იყო.

0.340684