გიორგი გადრანი ოდესის “ჩერნომორეცის” 22 წლის მცველია. ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი უკრაინაში 2015 წლის დასაწყისში გადაბარგდა “გაგრადან” ისე, რომ საქართველოს უმაღლეს ლიგაში ერთხელაც არ უთამაშია. მიუხედავად ამისა, ოდესაში გიორგიმ ნელ-ნელა სამწვრთნელო შტაბს თავი მოაწონა და ძირითად შემადგენლობაშიც მოიკიდა ფეხი. ყველაფერი კარგად მიდიოდა – “ჩერნომორეცში” მუდმივად თამაშობდა და პარალელურად საქართველოს 21-წლამდე ნაკრებშიც ასპარეზობდა. თუმცა, მერე მძიმე ტრავმა მიიღო და ფეხბურთს კარგა ხნით ჩამოშორდა.
ბოლო დროს გადრანს ფორმის აღსადგენად მეორე გუნდში უწევდა თამაში, მაგრამ ახლა როგორც თავად გვითხრა, ეს ყველაფერი წარსულში დარჩა და პირველ გუნდთან ერთად ემზადება.
WORLDSPORT.GE-სთან ინტერვიუში 22 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, რომ წინადადებები აქვს სხვადასხვა გუნდებიდან, მაგრამ მუხედავად იმისა, რომ “ჩერნომორეცთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, გადაწყვეტილებას მიღებას არ ჩქარობს. როგორც თავად ამბობს, სჯერა, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილს დაიბრუნებს – ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებულიო.
გიორგისთან საუბრისას საქართველოს ნაკრების თემასაც შევეხეთ და ჩვენთვის უკვე ტრადიციული, ბლიც ინტერვიუც ჩავწერეთ.
- როგორ მიმდინარეობს სეზონის მეორე წრისთვის მზადება?
- შეკრებაზე ვართ ოდესაში, ხოლო 27 იანვარს, სამი კვირით თურქეთში მივდივართ. ჯერჯერობით, ყველაფერი რიგზეა და კარგად მიდის. გუშინწინ, პირველი ლიგის გუნდ “ნიკალაევთან” გვქონდა თამაში.
- მიმდინარე სეზონში “ჩერნომორეცი” საკმაოდ კარგად გამოიყურება. რა არის საბოლოო მიზანი?
- მართალია, შარშანდელთან შედარებით უკეთესი შედეგი გვაქვს, რაც დიდი შრომის შედეგია. მიზანს რაც შეეხება – ექვსეულში შესვლაა.
- კონტრაქტი როდემდე გაკავშირებს “ჩერნომორეცთან”?
- მაისამდე და ვნახოთ შემდგომ რა იქნება. ახლა, ზუსტად არ ვიცი, დიდი ხანია არ მითამაშია ტრავმის გამო და ამის მიზეზიც ესაა.
- კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საუბარი არ ყოფილა?
- ჯერ არაფერი არ ყოფილა ასეთი. კონტრაქტით ჯერ გუნდის წევრი ვარ და დანარჩენს დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ამ ეტაპზე ჩემი მიზანი სტაბილურად თამაშია და ახალი გუნდის ძიებაში არ ვარ.
- შემოთავაზებები არ გაქვს სხვა გუნდებიდან?
- ტრავმამდე იყო რამდენიმე ქვეყნიდან და სიმართლე გითხრათ, ახლაც მაქვს რამდენიმე ვარიანტი, მაგრამ აქ მირჩევნია ჯერჯერობით ყოფნა და წასვლაზე არც მიფიქრია.
- კონკრეტულად რომელი გუნდებიდან ან ქვეყნებიდან?
- უკრაინა, ბელორუსი, რუსეთი და ევროპული ვარიანტებიც იყო, მაგრამ ახლა თავს შევიკავებ.
- ტრავმა საბოლოოდ მოირჩინე?
- დიახ, მოვირჩინე და უკვე ყველაფერი რიგზეა. უფლის წყალობით ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ფორმის აღსადგენად პრაქტიკა მინდოდა რომ მქონოდა და ამიტომ, მეორე გუნდში ვთამაშობდი. პირველ გუნდში ადგილი რომ დამებრუნებინა.
- მთავარ მწვრთნელ ალექსანდრ ბაბიჩთან თუ გქონდა საუბარი, რამდენად ჯდები მის გეგმებში?
- დიახ მქონდა პირადად საუბარი. ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული, შანსი მაქვს რა თქმა უნდა, რომ ისევ დავბრუნდე ძირითად შემადგენლობაში. ვნახოთ, ეს შეკრება გვიჩვენებს რა და როგორ. კონცენტრირებული მხოლოდ ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაბრუნებაზე ვარ.
- როგორ ფიქრობ, რამდენად მოკლე პერიოდში შეძლებ ამას?
- რა თქმა უნდა, შევძლებ და შემიძლია. ყველაფერი წინაა, მთავარია შეკრება კარგად გავიარო. დანარჩენი კი, ჩემზე იქნება დამოკიდებული.
- შენი ერთ-ერთი კონკურენტია დავით ხოჭოლავა. ისე კი, “ჩერნომორეცი” არ გამოირჩევა ბევრი ლეგიონერებით. ამ მხრივ როგორი სიტუაციაა?
- არამარტო ხოჭოლავა. აქ, ყველა, ყველას კონკურენტია. რაც შეეხება ლეგიონერებს, მართალია, ბევრნი არ ვართ გუნდში, რადგან აქცენტი ადგილობრივ ფეხბურთელებზე კეთდება და ძირითადად ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული.
- რა ხდება ოდესაში, როდესაც თამაშია. იგრძნობა ქალაქში ეს ყველაფერი?
- ზოგადად უკრაინაში ფეხბურთი გაცილებით მაღალ დონეზეა, ვიდრე ჩვენთან სამწუხაროდ. რა თქმა უნდა, იგრძნობა, საშინაო თამაშებზე ხალხი დადის, მითუმეტეს ამ ბოლო პერიოდში, როდესაც “ჩერნომორეცმა” თამაში გააუმჯობესა. ქალაქშიც იგრძნობა და თამაშის დროსაც სტადიონზეც.
- საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში გითამაშია, თუმცა, ჯერჯერობით ეროვნულში შანსი არ მოგცემია...
- რა თქმა უნდა, ყველა ფეხბურთელის ოცნებაა ეროვნულ ნაკრებში თამაში და საკუთარი ქვეყნის ღირსების დაცვა. 21-წლამდე ნაკრების ძირითადი მიზანი ეროვნულისთვის ფეხბურთელების მიწოდებაა და ერთ-ერთი კანდიდატი მეც ვიყავი, მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ ტრავმის გამო ჯერჯერობით ვერ მოვახერხე. იმედი მაქვს, რომ დადგება ის დღეც, როდესაც ეროვნულ ნაკრების მაისურით არაერთხელ გამოვალ მოედანზე და დავიცავ ნაკრების ღირსებას.
- დუბაის შეკრების წინ არ დაგიკავშირდნენ?
- არა, რადგან უთამაშებელი ვარ და ბოლო პერიოდში მხოლოდ დუბლებში ვთამაშობდი. კიდევ გავიმეორებ, იმედია, ჩემი შრომით ეროვნული ნაკრების წევრი გავხდები.
შემდგომ გიორგისთან საინტერესო ბლიც ინტერვიუც ჩავწერეთ:
- საუკეთესო მეკარე ისტორიაში?
- ჯანლუიჯი ბუფონი.
- საუკეთესო მცველი?
- პაოლო მალდინი.
- საუკეთესო ნახევარმცველი?
- ანდრეა პირლო.
- საუკეთესო თავდამსხმელი?
- რონალდო (ბრაზილიელი).
- საუკეთესო მწვრთნელი?
- პეპ გვარდიოლა.
- საუკეთესო გუნდი?
- ბრაზილიის ნაკრები (2002 წლის გუნდი). სწორედ ამ გუნდმა შემყვარა ფეხბურთი.
- საუკეთესო გოლი?
- დიეგო მარადონას გოლი 1986 წლის მუნდიალზე, ინგლისის ნაკრების კარში.
- თამაში, რომელიც არ დაგავიწყდება?
- “ბარსელონა” – “რეალი” 5:0.