კალათბურთი

14:48 | 19.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევრობასკეტი: საქართველოს მეტოქეები და ზუროსის არჩევანი

სათამაშო სახეობებში ყველაზე დიდი წარმატებით ქართულ სპორტში რაგბთან ერთად კალათბურთი თუ დაიკვეხნის. საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ხომ ბოლო 6 წელიწადში მეოთხედ მოხვდა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.

ევრობასკეტ 2017 სტარტს 31 აგვისტოს აიღებს, ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდი კი უმნიშვნელოვანეს ტურნირში პირველივე სათამაშო დღეს ჩაერთვება: თელ ავივში ილიას ზუროსის გუნდს ევროპის ვიცე-ჩემპიონ ლიტვასთან მოუწევს თამაში და რევანშის აღებაზე ფიქრიც. ალბათ, ძნელია იმ მატჩის დავიწყება, რომელიც ბალტიისპირელებთან ჩაატარა საქართველომ 2015 წლის ევრობასკეტზე მერვედფინალში...

მეტოქეები

საერთო ჯამში, ლიტვის ნაკრებთან ქართველებს 5-ჯერ უთამაშიათ და ჯერჯერობით მოგების გარეშე არიან. იმედია, თელ ავივი საქართველოსთვის უფრო იღბლიანი ადგილი გამოდგება. აღნიშნული ხუთი შეხვედრიდან ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე ლიტვასთან ერთადერთხელ მოგვიწია თამაში. 2015 წლის, 13 სექტემბერს, მერვედფინალურ ეტაპზე ლიტველებმა დრამატულ ბრძოლაში სძლიეს საქართველოს – 85:81.

ზუროსის შეგირდებს მეორე ტურში გერმანიის ნაკრებთან 2 სექტემბერს ელით შეხვედრა. გერმანია ის გუნდია, რომლისგანაც ყველაფერი მოსალოდნელია. სიურპიზიებიც და ცუდად გამოსვლაც. მოკლედ, დაველოდოთ. უბრალოდ გეტყვით, რომ “ბუნდესნაკრებთანაც” სასიამოვნო გასახსენებელი არაფერი გვაქვს: ორი მატჩი, ორივე წაგება.

მესამე თამაში საქართველოს ნაკრებს 3 სექტემბერს, უკრაინასთან ელოდება. აი, ჩვენს მეზობლებთან კი, ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ მეტყველებს: 7 მატჩი, 6 მოგება, 1 წაგება. ხსენებული 6 გამარჯვებიდან ერთი, უშუალოდ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოდის – 2011 წლის 4 სექტემბერს, კლაიპედაში, იგორ კოკოშკოვის გუნდმა მეტოქეს 69:53 აჯობა.

5 სექტემბერს, საქართველოს ნაკრები ძალებს უკვე მასპინძელ ისრაელის ნაკრებთან მოსინჯავს. ეს, ის ისრაელი ნამდვილად არაა, რომელიც რამდენიმე წლის წინ გახლდათ, მაგრამ ანგარიშგასაწევი ძალა ისევ გახლავთ და თან როგორც უკვე აღვნიშნეთ, მასპინძელია. ისრაელის ნაკრებთან საქართველოს აქამდე 7-ჯერ უთამაშია. ბალანსი თითქმის თანაბარია: 3 მოგება, 4 წაგება. თუმცა, ევრობასკეტის ფინალურ ბადეში მომავალი დაპირისპირება პირველი იქნება.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯგუფურ ეტაპს 6 სექტემბერს, იტალიასთან შეხვედრით დაასრულებს. ყველაზე ცუდი სტატისტიკა სწორედ აპენინელებთან გაგვაჩნია: 8-დან 8 წაგება. მათ შორის 2015 წელს ორჯერ – ჯერ თბილისში, მერიის თასზე 67:87 და მერე ასევე სპარინგში, ოღონდ უკვე იტალიაში, ერთი ქულის სხვაობით – 90:91. ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე კი, “სკუადრა აძურასთან” სადებიუტო თამაში იქნება.

სასტარტო ხუთეული და არამარტო

იქამდე ჯერ კიედვ დიდი ხანია დარჩენილი და ამჟამად საქართველოს ნაკრების სასტარტო ხუთეულზე საუბარი ცოტა რთულია, მაგრამ მაინც შეიძლება ვარაუდის გამოთქმა. ილიას ზუროსი გასულ შემოდგომაზე გამართულ საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთი და იგივე ხუთეულით იწყებდა თამაშს: ზაზა ფაჩულია, თორნიკე შენგელია, გიორგი ცინცაძე, დუდა სანაძე და ვიქტორ სანიკიძე. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ნაკრების ძირითადი შემადგენლობა იგივე იქნება. თუმცა, ამისთვის ერთი რამ აუცილებელია: რომელიმე კალათბურთელი ტრავმირებული არ იყოს. ახლა სანიკიძე ლაზარეთშია და საკმაოდ მძიმე დაზიანებაც აქვს. თუმცა, დიდი ალბათობით, ევრობასკეტამდე გამოჯანმრთელება უნდა მოასწროს.

არადა, ვიკამ სეზონის დაწყებამდე გუნდი შეიცვალა და სალონიკის “არისში” გადაბარგდა, სადაც უმალ გუნდის ლიდერად იქცა. ერთი ეგაა, ფორტუნამ ზურგი აქცია და სეზონის სტარტზევე ისეთი ტრავმა მიიღო, ბევრს შიშის საფუძველიც მიეცა.

შესანიშნავ სეზონს ატარებს ზაზა ფაჩულია, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეულ (თუ საუკეთესოში არა) გუნდში მუდმივად ძირითადშია და “გოლდენ სტეიტ უორიორზის” წარმატებებში არცთუ უმნიშვნელო როლს თამაშობს. ბოლო დროს ოდნავ მოუკლო თორნიკე შენგელიამ, ისე კი, სეზონის სტარტი ბევრად ნაყოფიერი ჰქონდა და “სასკი ბასკონია” დიდწილად მისი ჩინებული გარჯით ახერხებდა მეტოქეთა ძლევას. თუმცა, ალბათ, არც ის დროა შორს, როდესაც თოკო ჩვეულ ფორმას დაიბრუნებს. გიორგი ცინცაძე გასული წლის შემოდგომაზე სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას “ქუთაისი 2010”-ის რიგებში აგრძელებს. “ბუ” ჩვენს ნაკრებში დღეს შეუცვლელი ფიგურაა და მის მნიშვნელობაზე ზუროსმაც არაერთხელ ისაუბრა. რეალურად, ნაკრებში ერთადერთი გამთამაშებელია, რომელსაც საერთაშორისო გამოცდილებაც გააჩნია. დუდა სანაძე კი, ამერიკის კოლეჯის ლიგას დაემშვიდობა და პროფესიონალებში გადაინაცვლა. სლოვენიის ჩემპიონატი დაბალი დონის სულაც არ გახლავთ, ხოლო დუდა “პრიმორსკას” ნამდვილი ლიდერია.

რაც შეეეხებათ სხვებს – როდესაც საუბარი ნატურალიზებულ ლეგიონერებზე მიდგებოდა ხოლმე, ყოველთვის აზრი ორად იყოფოდა ან ცალსახად დადებითი იყო. ამჯერად სიტუაცია შეიცვალა. მაიკლ დიქსონი შარშან საქართველოს ნაკრებში ჩინებულად წარმოჩინდა და ქართველ ქომაგსაც შეაყვარა თავი. დიქსონი ამჯერად ათენის “აეკში” ირჯება და თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ბერძნული გუნდის ლიდერია. დიდწილად სწორედ მაიკლზეა დამოკიდებული მოიგებს თუ არა, კონკრეტულ მატჩს აეკი. ბრწყინვალე ფორმაშია გიორგი შერმადინი – “მობარანკ ანდორას” შემადგენლობაში გიორგი მოედანს ორმაგი დუბლის გარეშე აღარ ტოვებს. ესპანეთის ლიგა ენდესა ევროპაში საუკეთესოა და მითუფრო დასაფასებელია, რომ კონკურენტუნარიან ლიგაში შერმადინი ტოლს არავის უდებს. ეგ კი არა, ბოლოს იგი ტურის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა. ცალკე აღნიშნვნის თემაა, მადრიდის “რეალთან” ბრწყინვალე თამაში: 22 ქულა, 15 მოხსნა. რაც მთავარია, ეს არაა ერთჯერადი გამონათება და გიორგი მთელი სეზონია უმაღლეს დონეზე ირჯება. შერმადინის თანაგუნდელია “ანდორაში” ბექა ბურჯანაძე, რომელიც ვერ ახერხებს სასტარტო ხუთეულში ადგილის მოპოვებას, მაგრამ სათამაშო პრაქტიკის უქონლობას არ უჩივის. ბექა ყოველთვის პროდუქტიულია და ბოძებულ შანსს მუდამ კარგად იყენებს. რთულია გასახსენებლად შეხვედრა, რომელშიც ბურჯანაძე გუნდს ვერ წაადგა.

ეს, იმ კალათბურთელთა ჩამონათვალია, რომელთა ზურგზეც გადაიარა ძირითადად გასულმა შესარჩევმა ეტაპმა. საკვალიფიკაციოზე ილიას ზუროსს გუნდში ანატოლი ბოისა, ლუკა ზაქრაძე, ბექა ბექაური, ბესიკ ლეჟავა და კახა ჯინჭარაძეც ჰყავდა. რამდენად მოუწევთ მათგან ყველას ევრობასკეტზე გამგზავრება, ახლა ამის განჭვრეტა ძალიან რთულია. არიან ისეთებიც, რომლებსაც საქართველოს ნაკრებში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე თავის გამოჩენის შესაძლებლობა არ ჰქონიათ, მაგრამ მიმდინარე სეზონს მაღალ დონეზე ატარებენ.

თუნდაც, გიორგი შარაბიძე, რომელიც მაკედონიურ “ფენის” რიგებში საკმაოდ შედეგიანად თამაშობს. არ უნდა დავივიწყოთ არც აკაკი დვალიშვილი, რომელიც რუსეთის სუპერლიგის ბინადარ “ნოვოსიბირსკში” სტაბილურად ასპარეზობს და რამდენჯერმე ორმაგ დუბლთანაც ძალიან ახლოს იყო. კარიერა ჯერ კიდევ არ დაუსრულებია ნიკოლოზ ცქიტიშვილს – 33 წლის “სკიტა” ამჟამად ბაჰრეინში, “მანამას” რიგებში თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ოქროს წლები ჩავლილია, მაინც მგონია, რომ ნიკას ჯერ კიდევ შეუძლია საქართველოს ნაკრებს გამოადგეს. მისი გამოცდილებიდან და სათამაშო კლასიდან გამომდინარე რთულად წარმოსადგენია, რომ მცირე დროში პარკეტზე რამე გააფუჭოს. თანაც, ცქიტიშვილი უნივერსალია და შესაძლებელია როგორც სამწამიანში, ისე პერიმეტრზე მისი გამოყენება. თუმცა, საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება სამწვრთნელო შტაბმა უნდა მიიღოს. როგორც ილიას ზუროსმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას აღნიშნა, იგი ყველა მოთამაშეს აკვირდება და თვალთახედვის არეალში ჰყავს. და რაღა თქმა უნდა, მანუჩარ მარკოიშვილი, რომელსაც ტრავმის გამო დიდი ხანია არ უთამაშია. ცოტა ხნის წინ, WORLDSPORT.GE-სთან ინტერვიუში თავად განაცხადა, რომ ვარჯიშს აპრილში დაიწყებს. იმედია, რომ მანუჩარი ფორმაში შესვლას ევრობასკეტამდე მოასწრებს. საქართველოს ნაკრებისთვის ფასდაუდებელი მოთამაშე რომ გახლავთ, მისმა არყოფნამ უკვე დაადასტურა...

მოკლედ, ზედიზედ მეოთხე ევრობასკეტამდე კიდევ კარგა ხანი დარჩა, თუმცა, ჩვენში მოლოდინი დღითიდღე მატულობს და ვინ იცის, ეგებ საქართველოს ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ტურნირიც გამოდგეს, ვნახოთ...

0.117531