კალათბურთი

22:24 | 14.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ოვერტაიმი და მოულოდნელი შედეგი

მემორიალის პირველი ტურის მესამე შეხვედრაში ერთმანეთს ,,რუსთავი“ და ,,მგზავრები“ დაუპირისპირდნენ. ფავორიტად ,,რუსთავი“ ითვლებოდა, რომელიც ეროვნულ ჩემპიონატში მესამე ადგილზე იმყოფება, ,,მგზავრები“ კი გამოკვეთილი აუტსაიდერია. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე პირველი ტაიმი ,,მგზავრებმა“ 45:44 მოიგო.

მეორე ტაიმი ქვემოქართლელთა უპირატესობით დაიწყო. მესამე მეოთხედის შემდეგ ,,რუსთავი“ 17 ქულის სხვაობით 72:55 დაწინაურდა. ძირითადი დროის დასრულებამდე 35 წმ-თ ადრე ,,რუსთავი“ 11 ქულის სხვაობით 91:80 იგებდა, მატჩის ბედი თითქოს გადაწყვეტილი იყო რამაზ გოგობერიშვილის შეგირდების სასარგებლოდ, მაგრამ ,,მგზავრებმა“ თითქმის შეუძლებელი შეძლო, ანგარიში გაათანაბრა და თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა. გუნდის ახალწვეულის კორი ალენისა და ოთარ ფხაკაძის კარგი თამაშის წყალობით ბუბა ბერიშვილის შეგირდებმა ანგარიშში სხვაობა ორ ქულამდე დაიყვანეს. საფინალო სირენამდე ორი წამით ადრე კი ,,მგზავრებს“ გამათანაბრებელი ორქულიანი რეჯინალდ მერფიმ მოუტანა 91:91.

ოვერტაიმი ,,მგზავრებმა“ უკეთ ჩაატარა, 104:101 შეძლო მეტოქის დამარცხება და მემორიალი გამარჯვებით დაიწყეს.

ამ შეხვედრაში 34 ქულით ყველაზე შედეგიანი ალენი იყო, ფხაკაძემ კი 24 ქულა დააგროვა. როგორც შედეგიდან ჩანს, ამ კალათბურთელთა ანგარიშზე ,,მგზავრების“ მიერ მოპოვებული ქულების ნახევარზე მეტია.

,,რუსთაველთა“ შორის 31 ქულით ყველაზე შედეგიანი გუნდის კაპიტანი რეზო ჩაჩანიძე იყო.

,,რუსთავი“ - ,,მგზავრები“ 101:104 (ძ.დ 91:91) (22:23, 22:22, 28:10, 21:36 . დ.დ 10:13)

0.15006