ფეხბურთი

13:31 | 13.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

თურანიც ჩინეთში: “შანხაი” “ბარსელონას” ფეხბურთელს 20 მილიონზე შეუთანხმდა

მთელი მსოფლიოდან ჩინეთის საფეხბურთო ლიგისკენ დაძრულ ლეგიონს “ბარსელონას” ნახევარმცველი არდა თურანიც შეუერთდება. თურქული გამოცემების ინფორმაციით, 29 წლის ფეხბურთელსა და “შანხაი შენჰუას” შორის შეთანხმება მიღწეულია - თურქი მოთამაშე ჩინურ კლუბთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს და წლიურად 20 მილიონ დოლარს მიიღებს. ამაჟამად კლუბები სატრანსფერო თანხაზე მსჯელობენ.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, თურანს ჩინეთის მოქმედი ჩემპიონი “გუანჯოუ ევერგრანდი” ეპატიჟებოდა და სამწლიან ხელშეკრულებაში 50 მილიონს სთავაზობდა. თუმცა, “შანხაისგან” უფრო სარფიანი წინადადება მიიღო.

თურანი “ბარსელონას” ღირსებას 2015 წლიდან იცავს, მიმდინარე სეზონში კატალონიელთა მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 21 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა. მას კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. არდა 2006 წლიდან თურქეთის ნაკრების წევრია და ეროვნული გუნდის რიგებში დღემდე ჩატარებულ 95 მატჩში 17 გოლი გაუტანია.

0.113044