ესპანეთის თასის 1/8 ფინალური ეტაპის ბოლო სათამაშო დღეს სამი შეხვედრა გაიმართა. ყველაზე დიდ ინტერესს “სანჩეს პისხუანზე” გასამართი ჯახი იწვევდა. “სევილიას” მადრიდში 0:3 ჰქონდა წაგებული, თუმცა მატჩისადმი მოლოდინი მაინც დიდი იყო და გუნდებმა გულშემატკივრებს იმედი გაუმართლეს.
“სევილია” საბრძოლველად გახლდათ განწყობილი და შეხვედრა აქტიურადაც დაიწყეს. მასპინძლებმა გოლის გატანა მალევე მოახერხეს: დანილომ მე-10 წუთზე ავტოგოლი გაიტანა. პირველ ნახევარში ორივე გუნდს შეეძლო ანგარიშის შეცვლა, მაგრამ მეტი ბურთი აღარ გასულა.
მეორე ნახევარი კი, სტუმართათვის მშვენივრად დაიწყო: 48-ე წუთზე მარკოს ასენსიომ დიდებული გოლი გაიტანა და “დალაქები” გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო. თუმცა, მასპინძლები არ დანებებულან და მთელი ძალებით შეუტიეს, რამაც შედეგი ძალიან მალე გამოიღო და ხუთ წუთში სტევან იოვეტიჩმა დებიუტი გოლით აღნიშნა. მას მალე დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ კიკო კასილიამ აჯობა. უნდა ითქვას, რომ “რეალის” კიპერმა ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა და რამდენჯერმე თავის გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა. ანდალუსიელები კი შეტევებს განაგრძობდნენ და 77-ე წუთზე იბორამ კიდევ ერთი ბურთი გაიტანა. მასპინძლები იერიშებს განაგრძობდნენ, თუმცა კრანევიტერის შეცდომამ ყველაფერი საბოლოოდ დაასრულა. არგენტინელმა საკუთარ საჯარიმოში თამაშის წესები დაარღვია, ხოლო პენალტი სერხიო რამოსმა ჩინებულად შეასრულა.
მიუხედავად იმისა, რომ ორრაუნდიანი დუელის ბედი გადაწყვეტილი გახლდათ, ბოლო წუთებმაც სანახაობრივად ჩაიარა. “სევილიამ” ძელს გაარტყა ბურთი, ხოლო ერთ ეპიზოდში კიკო კასილიამ ითამაშა მშვენივრად. 93-ე წუთზე კი, ცვლილებაზე შემოსული ქარიმ ბენზემა ბრწყინვალედ გაისარჯა, რამდენიმე მეტოქე ჩამოიცილა და გოლი გაიტანა, რომლითაც “რეალმა” ესპანური ფეხბურთის რეკორდი მოხსნა. მადრიდელებმა ყველა ტურნირზე ზედიზედ მეორმოცე შეხვედრა არ წააგეს – 3:3.
“რეალის” გარდა, 1/4 ფინალის საგზური “სელტამ” და “ეიბარმა” მოიპოვეს. მადრიდელთა მსგავსად, პირველი შეხვედრებში მათაც სამბურთიანი სხვაობით იმარჯვეს. “სელტამ” “ვალენსია” შინაც დაამარცხა.
გალისიელები 61-ე წუთზე ჯუზეპე როსიმ შორეული დარტყმით დააწინაურა, ორ წუთში კი “ლოს ჩეში” დაბრუნება ვინიციუს არაუხომ გოლით აღნიშნა. მიმდინარე სეზონში როგორც ხშირად ხდება, “ვალენსიამ” კვლავ ბოლო წამებზე გაუშვა ბურთი: “სელტამ” 93-ე წუთზე სისტოს ჯარიმით იმარჯვა – 2:1.
“ეიბარმა” კი თავი აღარ გამოიდო და “ოსასუნას” უგოლოდ დაშორდა.
სელტა – ვალენსია 2:1 (0:0) პირველი მატჩი 4:1
გოლები: 1:0 როსი (61), 1:1 არაუხო (63), 2:1 სისტო (93)
სევილია – რეალი 3:3 (1:0) პირველი მატჩი 0:3
გოლები: 1:0 დანილო (10 ს.კ.), 1:1 ასენსიო (48), 2:1 იოვეტიჩი (53), 3:1 იბორა (77), 3:2 რამოსი (83 პენ.), 3:3 ბენზემა (93)
ეიბარი – ოსასუნა 0:0 პირველი მატჩი 3:0