ფეხბურთი

19:30 | 10.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ესპანელთა სტუმრობაო
Eldesmarque: მარკოს სენა, კაპდევილა, სერხი, ამავისკა, სალვა...

2017 წლის 13-14-15 იანვარს თბილისის ოლიმპიური სასახლე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ "ზამთრის თასს" უმასპინძლებს. 15 იანვარს ესპანეთის, უკრაინის, თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს საფეხბურთო ვარსკვლავების თამაშები იქნება. ზამთრის თასზე თბილისს მსოფლიო დონის ფეხბურთელები ესტუმრებიან. ცალკე იქნება კიდევ უეფას გუნდიც.

ყველაზე საინტერესო, რა თქმა უნდა, ესპანეთის ვეტერანთა ნაკრებია... ესპანურმა გამოცემა Eldesmarque-მ კი თბილისში ჩამოსასვლელი არასრული შემადგენლობა გაგვაცნო.

ევრო-2008-ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი მარკოს სენა - წარმოშობით ბრაზილიელი საყრდენი, 11 წელი ითამაშა "ვილიარეალში", კარიერა კი წელიწადნახევრის წინ დაასრულა "ნიუ იორკ კოსმოსში". სენა ამჟამად 40 წლისაა.

ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ჟოან კაპდევილა (38 წლის), რომელიც ჯერ კიდევ ანდორის "სანტა კოლომას" ფეხბურთელად ითვლება.

90-იანი წლების "ბარსელონას" მარცხენა მცველი სერხი ბარხუანი, იგივე სერხი. ესპანეთის ნაკრებში 56 მატჩი ჩაატარა, სწრაფი და ენერგიული, კარგი ჩაწოდებებით... შემდეგ "ბარსელონას" ასაკობრივებს წვრთნიდა, მათ შორის იმ გუნდსაც, გიორგი ჭანტურია რომ თამაშობდა. სერხი 45 წლისაა.

ესპანეთის ნაკრების, "რეალისა" და "დეპორტივოს" ყოფილი მარცხენა ნახევარმცველი ხოსე ამავისკა. 1998 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო შუკერის, რაულის, მიატოვიჩის, ზეედორფის გვერდში. სხვათა შორის, 1995 წელს ესპანეთის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს... ამავისკა უკვე 45 წლისაა.

სალვა ბალესტა - "პიჩიჩის" მფლობელი 2000 წელს, მაშინ "რასინგში" გოლი გოლზე გაჰქონდა. შემდეგ, "ვალენსიაში" ესპანეთის ჩემპიონი გახდა. ნაკრებში რატომღაც ვერ ითამაშა, თუმცა რაღა რატომღაც... რაულისა და მორიენტესის კონკურენციას ვერ უძლებდა. ამჟამად 41 წლისაა.

"ბარსელონას", "რეალისა" და "ვალენსიას" ყოფილი ნახევარმცველი, ამჟამად 50 წლის ლუის მილია. სხვა ესპანელების ფონზე, კრეატიული ფეხბურთელი ვერ იყო, მაგრამ საიმედო და სტაბილური. მილია საქართველოშიც არის ნამყოფი, ესპანეთის 19 და 21-წლამდელთა ნაკრებებს წვრთნიდა.

ხუანფრანი - შარშან, 40 წლისამ "ლევანტეში" დაასრულა კარიერა. საუკეთესო სეზონები "სელტაში" გაატარა, ასევე იყო "ვალენსიაში", "სარაგოსაში", "ბეშიქთაშში", "აიაქსში"... ესპანეთის ნაკრებშიც უთამაშია.

ეს ესპანელთა არასრული სიაა, დანარჩენებს მოგვიანებით შევიტყობთ.

ბილეთები 15 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიყიდება და მისი ფასი 2 ლარი იქნება. ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება დავით პეტრიაშვილის სახელობის ფონდში, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით დაარსდა. ფონდის ძირითადი საქმიანობა საგანმანათლებლო ხასიათისაა და საფეხბურთო თემატიკით დაინტერესებულ ახალგაზრდებს პროფესიულ წინსვლაში დაეხმარება.

0.146987