თბილისის „დინამოდან“ შჩეცინის “პოგონში“ გადასული მათე ცინცაძე ქართული კლუბის თითეულ წევრს და გულშემატკივარს მადლობას უხდის. 21 წლის ნახევარმცველმა განცხადება ფეისბუქის პირად გვერდზე გამოაქვეყნა:
„დინამოში გატარებული წლები, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დინამო თბილისმა მომცა ძალიან ბევრი, როგორც ფეხბურთელს, მაგრამ იმისთვის, რომ კიდევ მეტად გავიზარდო, დრო იყო უცხოურ კლუბში გადავსულიყავი სათამაშოდ. ვიქნები ყოველთვის დინამოელი და ამას არაფერი შეცვლის. მადლობას ვუხდი კლუბის თითოეულ წევრს, ჩემს თანაგუნდელებს, მეგობრებს, ტექნიკურ პერსონალს, ვინც წლები ზრუნავდნენ ჩემზე. მადლობას ვუხდი გულშემატივარს, გლადიატორებს, ელიტას, რომლებიც ყოველთვის იყვნენ გუნდის და ბუნებრივია, ჩემს გვერდითაც. თქვენ ყოველთვის მაძლევდით ძალას. ჩვენი მეგობრობა ამით არ სრულდება, რადგან მჯერა თქვენი კეთილი განწყობა ყოველთვის, სადაც არ უნდა ვიყო გამომადგება... მადლობა ყველაფრისთვის, მიყვარხართ!“ - აცხადებს მათე ცინცაძე, რომელმაც „პოგონთან“ სამწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა და ახალ გუნდში სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას ორშაბათიდან შეუდგება.
ცინცაძე „დინამოს“ ღირსებას 2014 წლიდან იცავდა, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის შემადგენლობაში ორჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, სამჯერ თასის და ორჯერ სუპერთასის მფლობელი.