ჭადრაკი

23:43 | 30.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

მოჭადრაკეებმა  2016  წელი  მერიის  თასით  გაისტუმრეს

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მიერ 2016 წელს დაგეგმილი ტურნირებიდან ბოლო ასპარეზობა თბილისის მერიის თასის გათამაშება გამოდგა, რომელსაც ვერის ბაღში მდებარე თბილისის ჭადრაკის სასახლემ უმასპინძლა. ასპარეზობა ბლიცში შვეიცარიული სისტემით ცხრა ტურად ჩატარდა.

ვაჟთა შორის 7.5 ქულით პირველი ადგილი ნიკა ვოლკოვმა დაიკავა. 7.0-7.0 ქულა დააგროვეს და მაჩვენებლების მიხედვით შესაბამისად მეორე- მეექვსე ადგილები თორნიკე სანიკიძემ, დავით ჯოჯუამ, ზურაბ სტურუამ, დავით მაღალაშვილმა და ლაშა ჯანჯღავამ გაინაწილეს.

ქალთა შორის 6.0-6.0 ქულა ბელა ხოტენაშვილმა და ნატო იმნაძემ დააგროვეს. უკეთესი მაჩვენებლით პირველი ადგილი ხოტენაშვილმა დაიკავა, ხოლო მეორე ადგილი იმნაძეს ერგო. მესამე ადგილზე მარიამ თევზაძე გავიდა, რომლის ანგარიშზეც 5.5 ქულაა.

50+ სენიორთა შორის მთავარი პრიზი ზურაბ სტურუამ მოიპოვა. 6.0-6.0 ქულით მეორე- მესამე ადგილები გიორგი გოგიჩაიშვილმა და მსოფლიო ჩემპიონმა გიორგი ბაღათუროვმა გაინაწილეს. უკეთესი მაჩვენებლით მეორე ადგილზე გოგიჩაიშვილი გავიდა.

ტურნირის დახურვის დროს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ 2016 წლის წარმატებული სპორტსმენები ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი ნინო ხომერიკი, ვეტერანებს შორის მსოფლიო ჩემპიონები ნონა გაფრინდაშვილი, გიორგი ბაღათუროვი და ამავე ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელები თამარ ხმიადაშვილი და ზურაბ სტურუა სპეციალური პრიზებით დააჯილდოვა.

0.128682