სხვა

21:20 | 29.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

წლის საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენი - უსეინ ბოლტი, ქალბატონი - სიმონა ბაილზი

სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციამ 2016 წლის საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად რიოს ოლიმპიადის სამგზის გამარჯვებული უსეინ ბოლტი დაასახელა. იამაიკელმა 110 ქვეყნის ჟურნალისტების ხმების 33.42% (1149 ხმა) მიიღო და სარეკორდოდ უკვე მეექვსედ გახდა საუკეთესო სპორტსმენი.

მძლეოსანმა ბოლტმა რიოში 100 და 200 მეტრზე გაიმარჯვა, ასევე გუნდურ ტურნირზე 4X100 მეტრზეც გაიმარჯვა. იამაიკელს ოლიმპიადებზე 9 ოქროს მედალი დაუგროვდა. მომდევნო წელს, უსეინი ლონდონში მსოფლიოს ჩემპიონატზე აპირებს წარმატების მიღწევას, ტურნირის შემდეგ კი კარიერას დაასრულებს. გამოკითხვაში მეორე ადგილზე მაიკლ ფელპსი (14.25%, 490) გავიდა, ხოლო მესამე პოზიცია წილად ევროპის და ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულ კრიშტიანუ რონადუს ხვდა (11.26%, 387).

წლის საუკეთესო ქალბატონი 19 წლის ამერიკელი ვარსკვლავი ტანმოვარჯიშე სიმონა ბაილზი გახდა. ახალგაზრდა სპორტსმენმა რიოს ოლიმპიადაზე 4 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამერიკელი Associated Press-მაც წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა. გამოკითხვაში 19 წლის სიმონას ხმების 15.24% (524) ერგო და მეორეადგილზე გასულ მოცურავე ჰოსუ კატინკას 50 ხმით აჯობა (13.73%). უნგრელმა 2016 წელს ოლიმპიადაზე 3 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა. ასევე, კატინკა ევროპის ჩემპიონი 4-ჯერ, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონი 7-ჯერ გახდა. მესამე პოზიციაზე ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი გავიდა (10.5%, 361).

0.129111