24-25 დეკემბერს საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ, თავისი გენერალური სპონსორის ,,სილქნეტისა“ და მთის კურორტების განვითარების კომპანიის მხარდაჭერით, ახლად გახსნილ ულამაზეს თეთნულდის ფერდობზე (მესტია) 2016-2017 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის გათამაშების პირველი ეტაპი გამართა.
ორივე დღეს მზიანი ამინდი იყო. სათხილამურო ტრასებს ულამაზესი უშბა და თეთნულდი დაჰყურებს, ეს გარემო კი ძალიან კარგ განწყობას ქმნის, როგორც სპორტსმენებისთვის, ასევე შეჯიბრების ორგანიზატორებისთვის და მაყურებლებისთვისაც. საშეჯიბროდ ყველანაირი პირობა იყო შექმნილი, რისთვისაც მადლობის ღირსია მთის კურორტების განვითარების კომპანია და სვანეთის სათხილამურო ტრასების უფროსი მალხაზ უდესიანი.
კარგი ხარისხის თოვლით დაფარულ, კარგად მომზადებულ ტრასებზე ქართველი სამთო-მოთხილამურეები გიგანტურ სლალომსა და სლალომში შეეჯიბრნენ ერთმანეთს.
შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს ეროვნული და ბავშვთა ნაკრებმა გუნდებმა, თბილისის წმ. გიორგის სახელობის სკოლის, ბაკურიანის, მესტიისა და აჭარის სპორტ-სკოლის სპორტსმენებმა.
შეჯიბრება მესტიის სპორტ-სკოლის პატარა მოთხილამურეებთან ერთად, მათი მოტივაციის მიზნით, საქართველოს სამთო-სათხილამურო ნაკრების ყოფილმა წევრმა, ვეტერანმა სპორტსმენმა - სოფო ახმეტელმა გახსნა.
გამარჯვებულები სამ ასაკობრივ ჯგუფში გამოვლინდნენ:
გიგანტურ სლალომში გოგონათა შორის ჩემპიონები გახდნენ: მარი ჩოგაძე (აჭარა) (2003-2004 წწ.), მაგატა ჯაფარიძე (სვანეთი) (2001-2002 წწ.) და უფროს ასაკში საქართველოს ნაკრების წევრი - ნინო წიკლაური (გუდაური).
ვაჟთა შორის გაიმარჯვეს: ლუკა ჯაფარიძემ (სვანეთი) (2003-2004 წწ.), სანდრო ჟორჟოლიანმა (სვანეთი) (2001-2002 წწ.) და უფროსასაკში საქართელოს ნაკრების წევრმა სოსო ჯაფარიძემ (სვანეთი).
25 დეკემბერს სლალომი გაიმართა. გოგონათა შორის პირველი ადგილები ისევ მარი ჩოგაძემ (აჭარა) (2003-2004 წწ.), მაგატა ჯაფარიძემ(სვანეთი) (2001-2002 წწ.) და უფორს ასაკში საქართველოს ნაკრების წევრმა ნინო წიკლაურმა (გუდაური) დაიკავეს.
ვაჟთა შორის სლალომში ჩემპიონები გახდნენ: სანდრო ჩინჩალაძე (ბაკურიანი) (2003-2004 წწ.), სანდრო ჟორჟოლიანი (სვანეთი) (2001-2001 წწ.) და უფროს ასაკში სოსო ჯაფარიძე (სვანეთი). სრული შედეგები იხ.www.gsf.ge
შეჯიბრების დასასრულს დაჯილოდება გაიმართა. დაჯილდოების დაწყებამდე შეჯიბრების ორგანიზატორებმა, სპორტსმენებმა დამაყურებლებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დიმა თოფურიძის ხსოვნას.
მესტიის ცენტრში თეთნულდის ფერდობის გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კონცერტი გამართა.
ამ შეჯიბრების ჩატარებით, საქართველოს ახალი სათხილამურო თეთნულდის ფერდობი გაიხსნა. 24 დეკემბერს 4 ახალი,,პომაგალსკის“ ფირმის საბაგირო ამუშავდა. თეთნულდის ფერდობზე ამჟამად 30 კმ.-ს სიგრძის ტრასებია გამზადებული, საბოლოო სამუშაოების დასრულების შემდეგ ტრასების სიგრძე 60 კმ.-მდე გაიზრდება. მომავალში კიდევ მრავალი საბაგიროს დადგმა იგეგმება.ზურულდისა და თეთნულდის ფერდობები ერთმანეთს გადაებმება და მოთხილამურეებს ამ ფერდობებზე მესტიიდან საბაგიროთი ასვლის საშუალება ექნებათ. სულ 100 კმ. სიგრძის ტრასები გამოვა.
საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრესსამსახური