ხვალ და ზეგ, ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება ამხანაგური მატჩები ხელბურთში. საქართველოს ნაკრები მასპინძლობს ისრაელის ეროვნულ გუნდს. ნაკრები ემზადება ლუქსემბურგთნ ორი ოფიციალური მატჩისთვის, 4 და 7 იანვარს. 27 დეკემბერს თამაში 16 საათზე დაიწყება, 28 - დეკემბერს - დილის ათზე.
გვესაუბრება საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბექა ორჯონიკიძე:
- გუნდმა რამდენიმე დღეა, მზადება დაიწყო. ლეგიონერებიდან უკვე შემოგვიერთდნენ შოთა თევზაძე და ირაკლი ჩიქოვანი რუმინეთიდან, მაკედონიიდან - თემო ორჯონიკიძე და საბერძნეთიდან - ირაკლი კბილაშვილი, თუმცა, ამ უკანასკნელს სიცხე აქვს და, შესაძლოა, ისრაელთან ვერ ითამაშოს. ამხანაგურ მატჩებში არ იქნება რევაზ ჭანტურია, რომელიც თბილისში 29 დეკემბერს ჩამოდის.
სამწუხაროდ, ვერ დაგვეხმარება ტრავმირებული ვლადიმერ რუსია, რომელსაც ვარჯიში ჯერ არ განუახლებია. 4 იანვარს, ლუქსემბურგთან საშინაო მატჩისთვის შესაძლოა გვქონდეს რატი მსხვილიძისა და სერგო დათუკაშვილის იმედი. დათუკაშვილი ამასწინათ გადავიდა ირანის ჩემპიონატის მონაწილე კლუბში და იქვე თამაშობს მსხვილიძეც, თუმცა, ბოლო ინფორმაციით, რატის ხელის ტრავმა აქვს.
საბოლოო ჯამში, ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, რადგანაც სამწუხაროდ, იტალიასთან ორი წაგების შემდეგ ევრო 2020-ის მეორე შესარჩევ ეტაპზე გასვლის შანსი ამ ჯგუფიდან აღარ გვაქვს და შანსი უნდა ვეძიოთ ჩელენჯ ტროფიზე, რომელიც ივნისში გაიმართება და სადაც ერთი დამატებითი საგზური გათამაშდება, ამ ტურნირზე კი ასაკობრივი ზღვარი 26 წლამდე იქნება. შესაბამისაად აქცენტი ისედაც ახალგაზრდებზე უნდა გავაკეთოთ“.
**
ისრაელის ნაკრები თბილისში 26 დეკემბერს, საღამოს უნდა ჩამოფრინდეს. მეორე მატჩის ადრეული დასაწყისი იმითაა განპირობებული, რომ სტუმრები ნაშუადღევს ბრუნდებიან შინ. ისრაელთან ორ მატჩს ახალი სპორტის სასახლის მცირე დარბაზი უმასპინძლებს, ლუქსემბურგთან თამაშს - მთვარი არენა. აქ ხელბურთის ეროვნულ ნაკრებს დებიუტი ექნება.
ჩვენმა ევროპელმა ლეგიონერებმა კი საკლუბო სეზონის ნახევარი უკვე დაასრულეს. მაკედონიაში პირველ ადგილზეა რევაზ ჭანტურიას პელისტერი, მეხუთეზე - თეიმურაზ ორჯონიკიძის პრილეპი, რომელიც მეორე ეტაპზე გასვლელი მეოთხე ადგილისთვის იბრძვის. რუმინეთის ჩემპიონატში შოთა თევზაძის რეშიცა 12 ადგილზეა და პირველ რვა გუნდში მოხვედრის ცოტა შანსი დარჩა. პლეიოფში გასასვლელად იბრძვის ირაკლი ჩიქოვანის კელერაში, რომელიც მეათე ადგილზეა და მერვეზე მყოფ ტიმიშოარას 6 ქულით ჩამორჩება, ჩიქოვანს კი 14 თამაშში 83 გოლი აქვს გატანილი. საბერძნეთში, ირაკლი კბილაშვილის სერიფატო მეთერთეტეა, ახალგაზრდა ქართველ ხელბურთელს კი 10 მატჩში 50 გოლი დაუგროვა. კიდევ ერთი ჩვენიანი, უჩა მაისურაძე გამოდის თურქეთის სუპერლიგაში. მისმა კლუბმა ზაგნოსსფორმა ბოლო ორი მატჩი მოიგო და ცხრილში მე-11 ადგილამდე აიწია.
--
ხელბურთი, ამხანაგური მატჩები. ეროვნული ნაკრებები
საქართველო - ისრაელი
თბილისი, ახალი სპორტის სასახლე. 27 დეკემბერი, 16:00 - 28 დეკემბერი, 10:00
საქართველოს ნაკრები
მეკარეები: შოთა თევზაძე (რეშიცა, რუმ), გიგა ტორონჯაძე (ქუთაისი), სანდრო ხანდოლიშვილი (სტუ-ქარიშხალა), გიორგი ხარაიშვილი (იმედი თელავი)
გარემარბები. ზურაბ აბრამიშვილი (ბათუმი), ხაზეინ რუსტამოვი (ქუთაისი), გიორგი დიხამინჯია (პეგასი), გიორგი ცხოვრებაძე (პეგასი)
უკანა ხაზი: ირაკლი ჩიქოვანი (კელერაში, რუმ), თეიმურაზ ორჯონიკიძე (პრილეპი, მკდ), ლექსო წითელიშვილი (ბათუმი), ზურაბ სიმონია (ქუთაისი), ირაკლი კბილაშვილი (სერიფატო, საბ), ზურაბ გოგავა (პეგასი)
ხაზზე: შოთა გრიშიკაშვილი (ბათუმი), გიორგი მიქავა (იმედი თელავი)
მთავარი მწვრთნელი ბექა ორჯონიკიძე, გუნდის უფროსი ჯემალ ბარამიძე, ექიმი გურამ ადამია
--
ევრო 2020, კაცები. პირველი შესარჩევი ეტაპი
3 ჯგუფი: იტალია, ლუქსემბურგი, საქართველო
2 ნოემბერი. იტალია-საქართველო 26-19, 6 ნოემბერი. საქართველო-იტალია 25-28
4 იანვარი. საქართველო-ლუქსემბურგი, 7 იანვარი. ლუქსემბურგი-საქართველო
11 იანვარი. ლუქსემბურგი-იტალია, 15 იანვარი. იტალია-ლუქსემბურგი
2 ჯგუფი: თურქეთი, ესტონეთი, კოსოვო
02.11.16 თურქეთი - კოსოვო 26-22, 06.11.16 კოსოვო - თურქეთი 24-24
1 ჯგუფი: საბერძნეთი, კვიპროსი, ფარერები - გაიმართება იანვარში
თითო გამარჯვებული გადის მეორე ეტაპზე
დანარჩენი 6 გუნდი მეორე შანსს მიიღებს ჩელენჯ ტროფიზე, 2017 წლის ივნისში.