სხვა

22:40 | 23.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ხაბელოვი მეორე ვადით

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა თანამდებობა კიდევ ოთხი წლით შეინარჩუნა. ლეგენდარულ სპორტსმენს, ბარსელონის 1992 წლის ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონ თავისუფალი სტილით მოჭიდავეს დღეს, საპრეზიდენტო არჩევნებში, ხმის უფლების მქონე დელეგატთა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.

სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში” გამართულ საანგარიშო-საარჩევმო სესიაზე დღის წესრიგის პირველი საკითხი სეოკ-ის 2016 წლის საქმიანობის ანგარიში იყო, რომელიც დამსწრეთ სეოკ-ის პირველმა ვიცეპრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა ჩააბარა.

წინასაარჩევნო პროცედურების დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობამ რამდენიმე ჯილდო გადასცა.

2016 წლის საუკეთესო სპორტსმენად ძალოსანი ლაშა ტალახაძე დასახელდა – ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი და რეკორდსმენი. სეოკ-ის ორდენი გადაეცა არჩილ გოგელიას. კახი კახიაშვილი კი სეოკ-ის წარდგინებით, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიო ასოციაციამ უმაღლესი ჯილდოთი – ორდენით დაასაჩუქრა.

შემდეგ ტრიბუნა სიტყვით გამოსვლის მსურველ დელეგატებს დაეთმოთ. დამსწრეთ რამდენიმე ფედერაციის ხელმძღვანელმა მიმართა. უმეტესობამ ღიად განაცხადა, რომ მომავალ არჩევნებში მხარს სეოკ-ის მოქმედ პრეზიდენტს უჭერდა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ აკა ლოდიამ კი ოლიმპიური კომიტეტის სესიის მონაწილეებს უმაღლეს დონეზე ორგანიზებული საპრეზიდენტო არჩევნები, ხოლო მომავალ პრესიდენტს წარმატებული ოთხწლიანი სამუშაო ციკლი უსურვა.

კენჭისყრის დაწყებამდე დარბაზში სიტუაცია ოდნავ დაიძაბა, მას შემდეგ, რაც ოლიმპიურმა და მსოფლიოს ჩემპიონმა ირაკლი ცირეკიძემ სეოკ-ის ხელმძღვანელობას ჰკითხა, რატომ არ დაპატიჟეს ის სესიაზე ოფიციალურად და რატომ არ ჰქონდა არჩევნებში ხმის უფლება.

ცირეკიძეს ემზარ ზენაიშვილმა უპასუხა. ოლიმპიური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა დამსწრეთ ოფიციალურ სტუმართა სია უჩვენა, რომელშიც ირაკლი ცირეკიძეც იყო შეყვანილი. დელეგატთა შორის მისი არყოფნა კი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მოთხოვნით ახსნა. ზენაიშვილმა განაცხადა, რომ სწორედ ამ მოთხოვნის შემდეგ განხორციელდა წესდებაში ცვლილება და გადაწყდა, რომ ხმას ყველა ოლიმპიური ჩემპიონი ვერ მისცემდა.

პრეზიდენტობის კანდიდატებმა დელეგატებს ათ-ათწუთიანი განცხადებებით მიმართეს. ირაკლი მეძმარიაშვილმა განაცხადა, რომ წინ უპრეცედენტო არჩევნები ელოდათ, რადგან საბედნიეროდ, არ არსებობდა სამთავრობო კანდიდატი და შესაბამისად, ზეწოლა ხმის უფლების მქონე დელეგატებზე.

ლერი ხაბელოვმაც აღნიშნა, რომ მორიგი წარმატებისკენ, ტრადიციულად, სუფთად მიდიოდა და მხარდამჭერებს წინასწარ გადაუხადა მადლობა.

ხმის დამთვლელმა კომისიამ, ალექსანდრე ნიკოლაიშვილის, ვლადიმერ ბოჟაძისა და ედიშერ მაჩაიძის მონაწილეობით, კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების მქონე დელეგატთა სია გამოაცხადა. რეგისტრაცია 136-დან 135-მა დელეგატმა გაიარა და ფარული კენჭისყრაც დაიწყო.

დაახლოებით საათნახევრიანი პროცედურის შემდეგ, ედიშერ მაჩაიძემ საბოლოო შედეგი გამოაცხადა – ლერი ხაბელოვმა 78 ხმა მოაგროვა, ხოლო ირაკლი მეძმარიაშვილმა – 57.

დამარცხებულმა გამარჯვებულს უმალ მიულოცა. ჟურნალისტებს კი კიდევ ერთხელ უთხრა, რომ ჩატარდა გამჭვირვალე არჩევნები, სადაც არავინ არავის არაფერს აძალებდა.

"სპორტულმა სამყარომ ასე გადაწყვიტა და ჰყავდეთ ოთხი წელი ის პრეზიდენტი, რომელიც აირჩიეს” – დასძინა მეძმარიაშვილმა.

ლერი ხაბელოვმა განაცხადა, რომ მომავალი ოლიმპიური ციკლი ქართული სპორტისთვის კიდევ უფრო წარმატებული იქნება და დევიზი - "უკეთ, ვიდრე წინა ოლიმპიადაზე” ისევ აქტუალურია.

სეოკ-ის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დამსწრეთ აუწყა, რომ მუშაობას იმ გუნდთან ერთად გააგრძელებს, რომელთან ერთადაც გასული ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა. პირველი ვიცეპრეზიდენტი კვლავ ელგუჯა ბერიშვილი იქნება, ვიცეპრეზიდენტები: ნინო სალუქვაძე და მამუკა ხაბარელი, ხოლო გენერალური მდივანი – ემზარ ზენაიშვილი. ხაბარელისვე სიტყვებით, უახლოეს მომავალში სეოკ-ს კიდევ ერთი ვიცეპრეზიდენტი შეემატება, ოღონდ მისი ვინაობის გამხელისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა.

0.235438