ფეხბურთი

10:00 | 23.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

საშობაო საჩუქარი: ლევან მჭედლიძე

ლევან მჭედლიძეს ჩინებული პერიოდი უდგას. ხანგრძლივი უგოლო პერიოდის მერე ქართველმა ფორვარდმა ორ მატჩში სამი გოლი გაიტანა. ყოველივე ეს კი, იტალიურ მედიას არ გამორჩენია და ავტორიტეტული გამოცემები 26 წლის ფეხბურთელის შესახებ საუბარს არ იზარებენ. Gazzetta dello Sport-მაც ლევანს საინტერესო სტატია მიუძღვნა სათაურით "მჭედლიძის საშობაო ბუმი"...

როგორც პოპულარული იტალიური გამოცემა წერს, მჭედლიძემ მოულოდნელად გამოიღვიძა და ორ მატჩში სამი გოლი გაიტანა. მიმომხილველის აზრით, ქართველის ასეთი თამაში მხოლოდ საშობაო საჩუქრად აღმოჩნდება თუ არა, ამას ახალი წელიწადი გვანახებს...

ლევან მჭედლიძე არის სახელი, რომელიც ყურადღების ცენტრში არასდროს ყოფილა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ძნელად იწერება ან გამოითქმის. უბრალოდ, შევხედოთ მისი კარიერის ციფრებს: ეს ნამდვილად არაა ის, რაც გოლეადორს უნდა ჰქონდეს. თუმცა, ბოლო ორ ტურში მან სამი გოლი გაიტანა: დუბლი “კალიარისთან” და გოლი “ატალანტასთან”. წლევანდელმა შობამ საჩუქრად ახალი მჭედლიძე გამოგვიგზავნა, რომელიც ჯადოსნურად გადაიქცა... თუ უბრალოდ შემთხვევითობაა?

მჭედლიძის საუკეთესო შედეგი სერია A-ში 4 გოლია, რომელიც 2014-2015 წლების სეზონში ჰქონდა. ერთი გოლი “სასუოლოს” კარში, ერთიც “ფიორენტინას” და ორი - “ინტერის”. ყველა - “ემპოლის” მაისურით. ორი წლის წინანდელი ჩემპიონატის ბოლო მატჩი მის იტალიურ კარიერაში საუკეთესოა (“ინტერთან” თამაში). ეს 4 გოლი მან მხოლოდ 6 შეხვედრაში გაიტანა. ეს, მართლაც უპრეცედენტოა, მაგრამ მაგიურობისთვის ეს კმარა?

ზოგი ცდილობს, მასში დადებითი გამონახოს, ზოგიც მის წინააღმდეგაა, მაგრამ ამ სეზონში შეუძლია მიიღოს უფრო მეტი სათამაშო დრო. მიუხედავად იმისა, რომ მისი კონკურენტები მაკარონე და ჯილარდინო არიან. ბოლო სამი შეხვედრა ლევანმა სასტარტოში გაატარა და მოედანზე მინიმუმ 70 წუთი იყო. “ემპოლის” ფორვარდი მთელი თამაში მუშაობს და მოედნის ცენტრშიც ეხმარება გუნდს. ეს ისაა, რაც მაღალ შეფასებას იძლევა მაშინაც, როცა გოლს თავდამსხმელი ვერ იტანს. გარდა ამისა, მჭედლიძემ დაგვანახა თამაშის სურვილი და ხასიათი. განსაკუთრებით, “კალიარისთან” მეორე გოლის დროს.

მის კარიერაში იყო ხელისშემშლელი ფაქტორებიც: ყველაზე მეტად კი, ტრავმები. მისი ფიზიკური მონაცემები მართლაც ცენტრფორვარდისაა, მაგრამ კუნთები ხშირად უზიანდება. ალბათ, ესაა მთავარი მიზეზი, რომელმაც დღეისთვის მისი კარიერის ზრდა შეაჩერა. ბავშვობიდანვე ბევრი ნათელ მომავალს უწინასწარმეტყველებდა.

ახლა კი, იგი მართლაც ბრწყინვალე ფორმაშია. ბოლო ორ თამაშში “ემპოლიდან” გოლები მხოლოდ ლევანმა გაიტანა. შობის დღესასწაული, მოგეხსენებათ, სასწაულების პერიოდია, მაგრამ არასოდეს თქვათ, არასოდეს...

0.130621