კალათბურთი

18:32 | 19.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

აუტსაიდერი ბოლომდე იბრძვის, მაგრამ მაინც აგებს

საკალათბურთო სუპერლიგის მე-12 ტურის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს მესამე ადგილზე მყოფი „რუსთავი“ და ერთ-ერთი აუტსაიდერი „მგზავრები“ დაუპირისპირდნენ. რა თქმა უნდა, ფავორიტად ქვემოქართლელები ითვლებოდნენ. პროგნოზის საპირისპიროდ თამაში მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. მათმა გამთამაშებელმა ოთარ ფხაკაძემ თანაგუნდელები ორჯერ დააწინაურა, მაგრამ „რუსთავმა“ ორივეჯერ გაათანაბრა. მე-6 წუთზე „რუსთავი“ ამერიკელმა ლეგიონერმა ქეისი კასპერბაუერმა 3 ქულით 8:5 დააწინაურა. ამის შემდეგ რამაზ გოგობერიშვილის შეგირდებმა იგდეს ხელთ უპირატესობა და ხელიდან აღარ გაუშვიათ. იყო მომენტი, როცა ქვემოქართლელები 10 და მეტი ქულითაც დაწინაურდნენ, მაგრამ მგზავრები ბოლომდე იბრძოდნენ და მეტოქეს მშვილი ცხოვრების უფლებას არ აძლევდნენ. ბუბა ბერიშვილის შეგირდებმა ანგარიშში სხვაობა რამდენჯერმე შეამცირეს. მეოთხე მეოთხედში კი ტეილორის ორქულიანის შემდეგ ანგარიშში სხვაობა ერთ ქულამდე დაიყვანეს - 60:61. ეს იყო და ეს. მასპინძლებმა მეტის გაკეთება ვერ შეძლეს, რადგან კასპერბაუერმა ერთქულიანი სხვაობა ოთხამდე აიყვანა - 64:60.

ამის შემდეგ რუსთაველებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს ანგარიშში და საბოლოოდ, 84:73 შეძლეს მეტოქის დამარცხება.

„მგზავრებმა“ მე-11 ტურშიც კარგად ითამაშეს ერთპიროვნულ ლიდერ „დინამოსთან“, მაგრამ მაინც წააგეს. ცუდად არც დღეს უთამაშიათ, მაგრამ მოკლე სკამის გამო ისევ დამარცხებულებმა დატოვეს სარბიელი.

ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 18 ქულა კასპერბაუერმა დააგროვა, რომელსაც თანაგუნდელი გიგი გოგობერიშვილი ერთი ქულით ჩამორჩა. ორმაგი დუბლები კი სერგო ათუაშვილმა (16 ქულა, 15 მოხსნა) და ტომი სპანოლომ (14 ქულა, 12 მოხსნა) შეასრულეს. მასპინძელთა შორის ყველაზე კარგი შედეგი ამერიკელმა ლეგიონერმა ბრენდონ პიტერსმა აჩვენა, რომლის ანგარიშზეც 16 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასია.

მგზავრები - რუსთავი 73:84 (15:23, 20:17, 21:21, 17:23)

ამჟამად მიმდინარეობს „ოლიმპი“–„სოხუმის“ შეხვედრა.

0.118414