ჭადრაკი

12:42 | 19.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლონდონის ტურნირმა ამერიკელთა სრული უპირატესობით ჩაიარა

დასრულდა გრანდიოზული საჭადრაკო ტურნირი ვაჟთა შორის, რომელსაც ინგლისის დედაქალაქი ლონდონი მასპინძლობდა. აღნიშნულ ტურნირში მსოფლიოს ათი საუკეთესო მოჭადრაკე მონაწილეობდა, რომელთა შორის ყველაზე დაბალი 2748 სარეიტინგო ქულა მასპინძელთა წარმომადგენელ მაიკლ ადამსს ჰქონდა, ის ტურნირში ეგრეთ წოდებული ,,ველური ბარათით“ მონაწილეობდა, 2823 ქულით კი პირველ ნომრად ამერიკის სახელით მოთამაშე ფაბიანო კარუანა იყო განთესილი. ასპარეზობა წრიული სისტემით ერთ წრედ ჩატარდა.

ტურნირში ყველაზე მეტი სამი წარმომადგენელი (უესლი სო, ფაბიანო კარუანა, ჰიკარუ ნაკამურა) ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავდა. სამივემ კარგად ითამაშა და შეიძლება ითქვას, რომ ტურნირმა ამერიკელთა სრული უპირატესობით ჩაიარა.

საუკეთესო შედეგი სომ აჩვენა, რომელიც მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერობდა და პირველი ადგილი დამსახურებულად დაიკავა. გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩა და მეორე ადგილზე კარუანა გავიდა. რაც შეეხება აშშ-ს ეროვნული ნაკრების კიდევ ერთ წევრ ნაკამურას, მან მსოფლიოს ექს-ჩემპიონებთან ვიშვანათან ანანდთან(ინდოეთი) და ვლადიმერ კრამნიკთან(რუსეთი) ერთად მესამე-მეხუთე ადგილები გაიყო.

ლონდონში ყველაზე ცუდი შედეგი მსოფლიოს კიდევ ერთმა ექს-ჩემპიონმა ბულგარელმა ვესელინ ტოპალოვმა აჩვენა, რომელმაც რვა პარტიაში მხოლოდ ერთი ქულის აღება მოახერხა, ბოლო ტურში კი არონიანს მოუგო და შეიძლება ითქვას, რომ კარი გაიჯახუნა.

მეცხრე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:

უესლი სო(ა.შ.შ) - მაქსიმ ვაშიე - ლაგრავი(საფრანგეთი) 0,5:0,5

ანიშ გირი (ჰოლანდია) - ფაბიანო კარუანა (ა.შ.შ) 0,5: 0,5

ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი)-ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი) 0,5:0,5

მაიკლ ადამსი (ინგლისი) - ჰიკარუნაკამურა (ა.შ.შ) 0,5: 0,5

ლევონ არონიანი (სომხეთი)- ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი) 0 : 1

საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:

1. სო 6.0 ქულა

2. კარუანა 5.5

3 – 5. კრამნიკი, ნაკამურა, ანანდი 5.0 – 5,0

6. გირი 4.5

7-9. ვაშიე-ლაგრავი, ადამსი, არონიანი 4.0 – 4.0

10. ტოპალოვი 2.0

0.119155