კალათბურთი

21:45 | 16.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ბათუმმა" "რუსთავი" დაძაბულ მატჩში დაამარცხა

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ოცდამეექვსე ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის მეოთხე ტური ბათუმში ადგილობრივი ,,ბათუმისა’’ და ,,რუსთავის“ მატჩით გაიხსნა.

აღნიშნული შეხვედრა ქვემოქართლელთა უპირატესობით დაიწყო, რომლებმაც პირველი ტაიმი აღმავლობით ჩაატარეს და დროის ეს მონაკვეთი დიდი ანგარიშით 39: 29 მოიგეს.

მეორე ტაიმი საპირისპირო სცენარით წარიმართა. ახლა მასპინძლები გააქტიურდნენ. დავით უსტიაშვილის შეგირდებმა ანგარიში რამდენჯერმე გაათანაბრეს, ხოლო ბესო ლეჟავამ ზუსტად შესრულებული ორქულიანის შემდეგ, მესამე მეოთხედის მერვე წუთზე თანაგუნდელები ერთი ქულით-55:54 დააწინაურა. სამი მეოთხედის შემდეგ ანგარიში 57: 54 იყო ბათუმელთა სასარგებლოდ.

რუსთაველთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ფარ-ხმალი არ დაყარეს, წაგებას არ შეურიგდნენ და მეოთხე მეოთხედში ანგარიში არა მარტო გაათანაბრეს, არამედ წინ გასვლაც მოახერხეს. სიტუაცია განსაკუთრებით ბოლო წუთებში დაიძაბა. ძირითადი დროის დასრულებამდე 2,53 წუთით ადრე, ამჯერად მდევრის როლში მყოფი მასპინძლები ილია შემოსიუკის მიერ ზუსტად შესრულებული ორქულიანის შემდეგ დაწინაურდნენ-67:66. დახლოებით წუთნახევრის შემდეგ ,,ბათუმს’’ უაღრესად საჭირო ქულები კიდევ ერთმა ლეგიონერმა იგორ კრივცოვმა მოუტანა და ზღვისპირელები ოთხი ქულით-70:66 დაწინაურდნენ. მატჩის საბოლოო ანგარიშია 71:68 ბათუმელთა სასარგებლოდ. მატჩის მსვლელობიდან გამომდინარე გამარჯვებას ორივე გუნდი იმსახურებდა, მაგრამ ფორტუნამ ამჯერად მასპინძლებს გაუღიმა.

,,ბათუმის’’ გამარჯვებაში ლომის წილი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ბესო ლეჟავამ შეიტანა, რომელმაც ორივე გუნდის შემადგენლობასი ყველაზე მეტი 21 ქულა დააგროვა. 11 ქულითა და ამდენივე მოხსნით ორმაგი დუბლი მისმა თანაგუბდელმა კრისტოფერ ფელჩერმა შეასრულა.

სტუმართა შორის 16 ქულით ყველაზე შედეგიანი კრისტოფერ კასპერბაუერი იყო. 11 ქულითა და 17 მოხსნით ორმაგი დუბლი სერგო ათუაშვილის ანგარიშზეა.

,,ბათუმი’’-,,რუსთავი’’ 71:68

(16:18, 13: 21, 28: 15, 14: 14)

0.117392